იონა 4
- 1
ძლიერ გაღიზიანდა იონა და გამწარდა.
- 2
შეღაღადა უფალს და უთხრა: "გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.
- 3
ახლა კი, უფალო, გემუდარები, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს!”
- 4
და ჰკითხა უფალმა: "ნუთუ ასე გეწყინა შენ?”
- 5
გამოვიდა იონა ქალაქიდან, დაჯდა ქალაქის აღმოსავლეთით; საჩრდილობელი გაიკეთა და დაჯდა მის ქვეშ; რომ ენახა, რა მოუვიდოდა ქალაქს.
- 6
აღმოაცენა უფალმა ღმერთმა აყირო, აღმოცენდა იგი იონას თავს ზემოთ, რათა საჩრდილობლად ყოფილიყო და წყენა გაექარვებინა მისთვის. დიდად გაიხარა იონამ იმ აყიროს გამო.
- 7
და მოუხმო უფალმა მატლს მეორე დილას, რათა გამოეჭამა მცენარე და დააჭკნო იგი.
- 8
მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!
- 9
ჰკითხა ღმერთმა იონას: "ნუთუ ასე გაბრაზდი იმ აყიროს გამო?” უპასუხა: "ძალიან გავბრაზდი, სიკვდილიც კი ვინატრე!”
- 10
უთხრა უფალმა: "შენ აყირო გენანება, რომელზეც არ გიშრომია, არ გაგიზრდია. ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გახმა.
- 11
მე კი არ უნდა მენანებოდეს ნინევე, დიდი ქალაქი, რომელშიც ასოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც თავიანთი მარჯვენა ვერ გაურჩევიათ მარცხენისაგან და სადაც უამრავი საქონელია?"