ოსია 5
- 1
ისმინეთ, მღვდლებო! გაიგონე, ისრაელის სახლო! ყური დამიგდე, მეფის სახლო! მსჯავრი გადევთ იმის გამო, რომ მახედ ექეცით მიცფას და თაბორს - გაშლილ ბადედ.
- 2
განდგომილნი ღრმად ჩაეფლნენ გახრწნილებაში, მაგრამ ყველას დავსჯი.
- 3
ვიცნობ ეფრემს, ისრაელი არ არის დაფარული ჩემგან, რადგან ახლა შენ მრუშობ, ეფრემ, და თავი შეიბილწა ისრაელმა.
- 4
მათი საქმეები არ ანებებენ, რომ თავიანთი ღმერთისკენ მოიქცნენ, რადგან სიძვის სულია მათში და უფალს არ იცნობენ.
- 5
ისრაელის ამპარტავნება მოწმობს მისსავე წინააღმდეგ, წაიბორძიკებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ურჯულოების გამო, იუდაც წაბორძიკდება მათთან ერთად.
- 6
თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; იგი განერიდა მათ.
- 7
უფალს უღალატეს, რადგან უკანონო შვილები შობეს; ახალმთვარობა შეჭამს მათ და მათ მიწას.
- 8
ჩაბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს - რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში, მტერი მოგდევს, ბენიამინ.
- 9
გაუდაბურდება ეფრემი სასჯელის დღეს; ისრაელის ტომებში გამოვაცხადე ეს სარწმუნო უწყება.
- 10
საზღვრის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
- 11
დათრგუნულია ეფრემი, განაჩენით შემუსვრილი, რადგან კერპების გზით სიარული გადაწყვიტა.
- 12
ამიტომ ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და სიდამპლედ - იუდას სახლს.
- 13
დაინახა ეფრემმა თავისი სნეულება და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და გაგზავნა მეფე იარებთან; მაგრამ მას არ ძალუძს თქვენი განკურნება და ჭრილობას ვერ მოგირჩენთ.
- 14
რადგან ლომივით ვიქნები ეფრემისთვის და ლომის ბოკვერივით - იუდას სახლისთვის. მე, დიახ მე, დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.
- 15
წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს. თავიანთ გასაჭირში გულწრფელად დამიწყებენ ძებნას.