ეზეკიელი 8
- 1
და იყო, მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ჩემს სახლში ვიჯექი და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. იქ დაეშვა ჩემზე უფალი ღმერთის ხელი.
- 2
გავიხედე და, აჰა, კაცის მსგავსი გამოსახულება, წელს ქვემოთ - ცეცხლი, წელს ზემოთ - ბრწყინვალე, როგორც ელვარე ლითონი.
- 3
გამოიწვდინა ხელის მსგავსი გამოსახულება, ჩამავლო თმაში და ამწია; ამიყვანა სულმა დედამიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში; ჩრდილოეთით მიმართული შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც კერპი იდგა, კერპი რომელიც ღმერთის შურისგებას აღძრავდა.
- 4
და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება იყო იქ, ისეთი, ველზე რომ ვიხილე.
- 5
მითხრა: "ძეო კაცისავ, მიაპყარ თვალები ჩრდილოეთის გზას”. გავხედე ჩრდილოეთის გზას და დავინახე შურისგების კერპი სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით, შესასვლელთან რომ იყო.
- 6
მითხრა: "ძეო კაცისავ! ხედავ, რას სჩადიან? დიდ სისაძაგლეს, რასაც ისრაელის სახლი სჩადის აქ, რათა მოვშორდე ჩემს საწმიდარს! წამომყევი, კიდევ უფრო დიდ სისაძაგლეებს იხილავ”.
- 7
მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში.
- 8
მითხრა: "ძეო კაცისავ! გამოთხარე კედელი”. გამოვთხარე კედელი და, აჰა, შესასვლელია ერთი.
- 9
მითხრა: "მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, იქ რომ სჩადიან”.
- 10
მივედი, შევიხედე და, აჰა, ქვეწარმავალთა და ბილწ არსებათა ყოველგვარი გამოსახულება; ირგვლივ მთელ კედელზე ისრაელის ტაძრის ყოველგვარი კერპი იყო ამოკვეთილი.
- 11
ისრაელის ტაძრის სამოცდაათივე უხუცესი იქ იყო და ყაზანია, შაფანის ძეც იდგა მათ შორის. იდგნენ კერპების წინაშე, თითოეულს სასაკმევლე ეჭირა ხელში და საკმევლის ხშირი ბოლქვები ადიოდა მაღლა.
- 12
მითხრა: "ხომ ნახე, ძეო კაცისავ, რას აკეთებენ ისრაელის ტაძრის უხუცესნი დაფარულში, თითოეული თავისი ცრუღმერთის საწმიდარში? ვინაიდან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავს; დატოვა უფალმა ეს ქვეყანა”.
- 13
კვლავ მითხრა: "ისევ დაბრუნდი და იხილავ უფრო დიდ სისაძაგლეებს, ესენი რომ სჩადიან”.
- 14
მიმიყვანა უფლის ტაძრის კარიბჭის ჩრდილო შესასვლელთან და ვიხილე იქ მსხდომი ქალები, თამუზისთვის რომ მოსთქვამდნენ.
- 15
მითხრა: "ხომ ხედავ, ძეო კაცისავ? კვლავ მობრუნდი და ამაზე დიდ სისაძაგლეებს იხილავ!”
- 16
მიმიყვანა უფლის ტაძრის შიდა ეზოსთან და, აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარსა და სამსხვერპლოს შორის დაახლოებით ოცდახუთი კაცი დამდგარა უფლის ტაძრისკენ ზურგშექცევით, აღმოსავლეთით მიუმართავთ პირი და თაყვანს სცემენ აღმოსავლეთით მზეს.
- 17
მითხრა: "ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას ტაძრისთვის იმ სისაძაგლეთა ჩადენა, რასაც აქ სჩადის? აავსეს ქვეყანა ძალადობით და მეტად და მეტად მანრისხებენ; აჰა, რტოები მიაქვთ ცხვირთან.
- 18
მეც გულისწყრომით მოვექცევი, არ შეიცოდებს თვალი ჩემი და არ შევიბრალებ; თუნდაც დიდი ხმით შემომღაღადონ ყურში, არ შევისმენ მათსას”.