ეზეკიელი 7
- 1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემ მიმართ:
- 2
"შენ, ძეო კაცისავ, ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, დასასრული! დასასრული მოადგა ქვეყნის ოთხივე კიდეს.
- 3
ახლა დასასრულია შენზე; ჩემს რისხვას დავუშვებ შენს წინააღმდეგ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელ შენს სისაძაგლეებს გაზღვევინებ.
- 4
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!
- 5
"ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, აჰა, გაუგონარი უბედურება მოდის.
- 6
დასასრული დგება; დადგა დასასრული! შენს წინააღმდეგ გამოიღვიძა, აჰა, დადგა!
- 7
დადგა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მცხოვრებო! მოვიდა ჟამი, მოახლოვდა დღე, დღე შფოთისა და არა მთებზე მხიარული შეძახილებისა.
- 8
მალე გადმოვღვრი ჩემს რისხვას შენზე და დავასრულებ ჩემს რისხვას შენ მიმართ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელი შენი სისაძაგლეებისთვის გაზღვევინებ.
- 9
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!
- 10
გაფრთხილდით, დადგა სასჯელის დღე! კვერთხმა კვირტები გამოიღო, აყვავდა ამპარტავნება.
- 11
ძალადობა ბოროტების კვერთხად აღიმართა და აღარ იქნებიან ისინი, არც მათი ხალხი, არც მათი ქონება; აღარ იქნება არაფერი გამორჩეული მათში.
- 12
დადგა ჟამი, მოაწია დღემ. ნუ გაიხარებს მყიდველი, ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელი მათი სიმრავლის წინააღმდეგ.
- 13
გამყიდველი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ დაიბრუნებს გაყიდულს, რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება; თავისი ურჯულოებით სიცოცხლეს ვერავინ შეინარჩუნებს.
- 14
საყვირს ჩაჰბერავენ და გაემზადებიან, მაგრამ ვერავინ გავა საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.
- 15
გარეთ მახვილია, შინ - შავი ჭირი და შიმშილი. მინდორში მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და შავი ჭირი შთანთქავს.
- 16
გადარჩენილებიც კი მთებში მყოფი ხეობის მტრედებივით იქნებიან - ყველა თავის ურჯულოების გამო იგლოვებს.
- 17
ყველა ხელი მოდუნდება და ყველა მუხლი გაწყალდება.
- 18
ძაძას შემოირტყამენ და შიშის ზარი დაეცემათ უცაბედად; სირცხვილი იქნება ყველას სახეზე და სიქაჩლე - ყველას თავზე.
- 19
თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
- 20
მისი მშვენიერი მორთულობით ამაყობდნენ და საძაგელი და ბილწი კერპები გაიკეთეს, ამიტომ სისაძაგლედ გავხდი მას მათთვის.
- 21
უცხოთა ხელს გადავცემ მას გასაძარცვად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ - ნადავლად, ისინი შებილწავენ მას.
- 22
სახეს მივაბრუნებ მათგან, შებღალავენ ჩემს წმიდა ადგილს, მძარცველები შევლენ მასში და შებილწავენ მას.
- 23
ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი - ძალადობით.
- 24
უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
- 25
როცა ტანჯვა მოვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
- 26
უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
- 27
იგლოვებს მეფე, მთავარი შიშით შეიმოსება და ქვეყნის ხალხს ხელები აუკანკალდებათ. მათი გზების მიხედვით მოვექცევი მათ და მათი სამართლის მიხედვით გავასამართლებ; გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”