ეზეკიელი 40
- 1
ჩვენი დევნილობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, ქალაქის დაცემის მეთოთხმეტე წელს, ზუსტად იმ დღეს იყო, რომ უფლის ხელმა მიმიყვანა იქ.
- 2
ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყანაში და ძალიან მაღალ მთაზე დამაყენა, იქ, სადაც სამხრეთით ქალაქის მსგავსი იყო აშენებული.
- 3
მიმიყვანა და, აჰა, კაცის მსგავსი, თითქოს სპილენძის შესახედაობა ჰქონდა, ხელში საზომი ლერწამი ეჭირა; კარიბჭეში იდგა.
- 4
მელაპარაკა კაცის მსგავსი: "ძეო კაცისავ! შენი თვალით იხილე და ყურით მოისმინე, გული დაუდე ყოველივეს, რასაც გაჩვენებ, რადგან ამისთვის ხარ აქ მოყვანილი; ყველაფერი, რასაც ნახავ, ისრაელის სახლს გამოუცხადე.
- 5
და, აჰა, გალავანია ტაძრის ირგვლივ, გარედან; იმ კაცს ხელთ საზომი ლერწამი აქვს ექვსი წყრთისა, წყრთაში კი მტკაველია. გაზომა სიგანე შენობისა - ერთი ლერწამი, სიმაღლე - ერთი ლერწამი.
- 6
მივიდა კარიბჭესთან, აღმოსავლეთის გზისკენ რომ იყო მიმართული, ავიდა მის საფეხურებზე და გაზომა კარიბჭის წირთხლი - ერთი ლერწამი სიგანე, მეორე წირთხლი - ერთი ლერწამი სიგანე.
- 7
საგუშაგო კელია - ერთი ლერწამი სიგრძე და ერთი ლერწამი სიგანე; საგუშაგო კელიებს შორის - ხუთი წყრთა; კარიბჭის წირთხლი, ახლოს რომ იყო კარიბჭის აივანთან - ერთი ლერწამი.
- 8
გაზომა კარიბჭის დერეფანი ტაძრის წინ - ერთი ლერწამი.
- 9
გაზომა კარიბჭის დერეფანი - რვა წყრთა, მისი საყრდენები - ორი წყრთა; კარიბჭის დერეფანი - რვა წყრთა და მისი სვეტები - ორი წყრთა; და კარიბჭის დერეფანი ტაძრის წინ.
- 10
კარიბჭის სადარაჯო კელიები აღმოსავლეთიდან - სამი ერთ მხარეს, სამიც - მეორე მხარეს; სამივეს ერთი ზომა ჰქონდა, ერთი ზომისა იყო საყრდენებიც, ორივე მხრიდან.
- 11
გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, შესასვლელის სიგრძე - ცამეტი წყრთა;
- 12
ზღვარი სადარაჯო კელიების წინ - ერთი წყრთა, ერთი წყრთაც - მეორე მხრიდან; ამ სადარაჯო კელიებს ექვსი წყრთა ერთი მხრიდან ჰქონდათ და ექვსი წყრთა - მეორე მხრიდან.
- 13
გაზომა კარიბჭე ერთი სადარაჯო კელიის სახურავიდან მეორეს სახურავამდე; სიგანე - ოცდახუთი წყრთა, შესასვლელიდან შესასვლელამდე.
- 14
სამოცი წყრთა გამოუვიდა საყრდენები; კარიბჭის შიგნით, ეზოს გარშემო სვეტები.
- 15
შემოსასვლელი კარიბჭის ზღურბლიდან შიდა კარიბჭის აივნის ზღურბლამდე - ორმოცდაათი წყრთა.
- 16
სარკმლები იყო სადარაჯო კელიებისა და მათი წირთხლებისკენ, კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; დერეფანსაც სარკმლები ჰქონდა შიგნით, ყოველი მხრიდან, საყრდენებზე კი - პალმები.
- 17
შემიყვანა გარე ეზოში და ვნახე ოთახები და ქვაფენილი, ეზოს ირგვლივ დაგებული, ოცდაათი ოთახი ამ ქვაფენილზე.
- 18
ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდებზე იყო, კარიბჭეთა სიგრძის შესაბამისად. ეს ქვედა ქვაფენილი იყო.
- 19
გაზომა სიგანე ქვემო კარიბჭის წინიდან შიდა ეზოს გარე მხარემდე - ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
- 20
ჩრდილოეთისკენ მიმართული გარე ეზოს კარიბჭეც გაზომა, მისი სიგრძე და სიგანე.
- 21
თავისი გვერდითა ოთახებით: სამი - ერთი მხრიდან და სამიც - მეორე მხრიდან; სამი საყრდენი თავისი დერეფნებით, რომლებიც იმავე ზომისა იყო, რაც პირველი კარ
- 22
მათი სარკმლები, დერეფნები და პალმები იგივე ზომისა იყო, აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭეს რომ ჰქონდა; შვიდსაფეხურიანი ასასვლელი თავ-თავისი დერეფნებით მათ წინ.
- 23
შიდა ეზოს კარიბჭე - ჩრდილოეთის მოპირდაპირედ, მეორე კარიბჭე - აღმოსავლეთის მოპირდაპირედ; გადაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე - ასი წყრთა.
- 24
წამიყვანა სამხრეთისკენ და დავინახე სამხრეთ კარიბჭე. გადაზომა მისი საყრდენები და დერეფნები - იგივე ზომისა იყო, რაც სხვა კარიბჭეებს ჰქონდა.
- 25
სარკმლები ჰქონდა ირგვლივ მას და მის დერეფნებს, სხვა სარკმლების მსგავსად. ორმოცდაათი წყრთა სიგრძე და ოცდახუთი წყრთა სიგანე.
- 26
შვიდსაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა, წინ - დერეფნები და თითო პალმა საყრდენებზე, სათითაო ორივე მხრიდან.
- 27
შიდა ეზოშიც იყო სამხრეთ კარიბჭე; გადაზომა იმ კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთით - ასი წყრთა.
- 28
სამხრეთის კარიბჭით შემიყვანა შიდა ეზოში, გადაზომა სამხრეთის კარიბჭე და იგივე ზომა გამოუვიდა.
- 29
გვერდითა ოთახები, საყრდენები და დერეფნები - იგივე ზომისა, მას და მის დერეფნებს ირგვლივ სარკმლები ჰქონდა, ორმოცდაათი წყრთა სიგრძე, ოცდახუთი წყრთა სიგანე.
- 30
დერეფნები ჰქონდა ეზოს ირგვლივ, ოცდახუთი წყრთის სიგრძეზე და ხუთი წყრთის სიგანეზე.
- 31
დერეფნები გარე ეზოსკენ გადიოდა; საყრდენებზე პალმები იყო მოხატული და რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
- 32
შიდა ეზოში აღმოსავლეთისკენ შემიყვანა, გაზომა კარიბჭე და იმავე ზომისა იყო.
- 33
გვერდითა ოთახები, საყრდენები და დერეფნები - იმავე ზომებისა; სარკმლები ჰქონდა ირგვლივ მას და მის დერეფნებს, ორმოცდაათი წყრთა სიგრძე, ოცდახუთი წყრთა სიგანე.
- 34
დერეფნები გარე ეზოსკენ გადიოდა; საყრდენები თითოეულ მხარეზე პალმებით იყო მოხატული, რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
- 35
შემიყვანა შიდა ეზოში ჩრდილოეთის კარიბჭისკენ, გაზომა და იმავე ზომისა იყო.
- 36
მისი გვერდითა ოთახები, საყრდენები და დერეფნები - იმავე ზომებისა; სარკმლები ჰქონდა ირგვლივ მას და მის დერეფნებს, ორმოცდაათი წყრთა სიგრძე, ოცდახუთი წყრთა სიგანე.
- 37
საყრდენები გარე ეზოსკენ იყო მიმართული, პალმებით იყო მოხატული ორივე მხრიდან; რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
- 38
იქვე იყო სენაკი, შესასვლელით კარიბჭის საყრდენებთან; იქ ასუფთავებენ სრულადდასაწველ მსხვერპლს.
- 39
კარიბჭის დერეფანში ერთი მხრიდან ორი მაგიდა იდგა, ორიც - მეორე მხრიდან, სრულადდასაწველის, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდად შესაწირის დასაკლავი.
- 40
გარე გვერდზე, ჩრდილო კარიბჭის შესასვლელისკენ ასასვლელში, ორი მაგიდა იდგა. კარიბჭის დერეფნის მეორე გვერდზეც - ორი მაგიდა.
- 41
ოთხი მაგიდა ერთი მხრიდან და ოთხი მაგიდა - მეორე მხრიდან კარიბჭის მხარეზე: სულ რვა მაგიდა, რომლებზეც მსხვერპლი უნდა დაეკლათ.
- 42
ოთხი მაგიდა გამოთლილი ქვისგან სრულადდასაწველისთვის; ერთნახევარი წყრთა სიგრძე, ერთნახევარი სიგანე, სიმაღლე ერთი წყრთა. სრულადდასაწველი და სხვა მსხვერპლების დასაკლავი იარაღის დასაწყობად.
- 43
მტკაველიანი კაუჭები, გარშემო მიმაგრებული; მაგიდებზე კი - შემონაწირთა ხორცი.
- 44
შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა სენაკები იყო, შიდა ეზოში, ჩრდილოეთის კარიბჭის გვერდით; ერთი სამხრეთისკენ იყო მიმართული, მეორე კი, სამხრეთ კარიბჭის გვერდზე, ჩრდილოეთისკენ.
- 45
მითხრა: ეს ოთახი, რომელიც სამხრეთისკენაა მიმართული, ტაძრის მსახური მღვდლებისთვისაა.
- 46
სენაკი, რომელიც ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი იყვნენ, ლევის ძეთაგან, უფალთან მიახლოების უფლების მქონენი, რომ მომსახურებოდნენ მას.
- 47
გაზომა ოთხკუთხედი ეზო: სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ასი წყრთა; სამსხვერპლო იყო ტაძრის წინ.
- 48
მიმიყვანა ტაძრის დერეფანთან, გადაზომა დერეფნის საყრდენები: ხუთი წყრთა ერთი მხრიდან, ხუთი წყრთა მეორე მხრიდან; კარიბჭის სიგანე: სამი წყრთა ერთი მხრიდან, სამი წყრთა მეორე მხრიდან.
- 49
დერეფნის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანე - თერთმეტი წყრთა; ათი საფეხურით ადიან მასზე. იქვე საყრდენები იყო, ერთი - ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან.