ეზეკიელი 39
- 1
"ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის მთავარო.
- 2
მოგატრიალებ და გამოგათრევ, ჩრდილოეთის კიდეებიდან აგიყვან და ისრაელის მთებზე მოგიყვან.
- 3
მშვილდს მარცხენა ხელიდან გაგაგდებინებ, ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ.
- 4
ისრაელის მთებზე დაეცემი შენ, მთელი შენი ლაშქარი და ხალხი, შენთან ერთად რომ არის. ყოველგვარი მტაცებელი ფრინველისა და ველის მხეცების საჭმელად შეიქნები.
- 5
ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
- 6
დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
- 7
ჩემს წმიდა სახელს გავაცხადებ ჩემი ხალხის წიაღში, ისრაელში, და მეტად აღარ შევაბღალინებ ჩემს წმიდა სახელს; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი, წმიდა, ისრაელში.
- 8
აჰა, მოდის და ახდება! ამბობს უფალი ღმერთი, ეს ის დღეა, რომელზეც ვლაპარაკობდი.
- 9
ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი გამოვლენ, ცეცხლს გააჩაღებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ხელჯოხებსა და შუბებს; შვიდი წლის განმავლობაში ენთებათ ცეცხლი.
- 10
აღარ გაზიდავენ შეშას მინდვრიდან და ტყეშიც აღარ მოჭრიან, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს; თავიანთ გამძარცველთ გაძარცვავენ და თავიანთ წამართმეველთ წაართმევენ, ამბობს უფალი ღმერთი.
- 11
იმ დღეს იქნება, რომ მივცემ დასამარხ მიწას გოგს, იქ, ისრაელში, ზღვის აღმოსავლეთით გამვლელთა ხეობაში და გზას გადაუღობავს გამვლელთ; იქ დამარხავენ გოგს, მთელ მის სიმრავლეს და უწოდებენ მას ჰამონ-გოგის ხეობას.
- 12
შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი, რომ გაასუფთავოს ქვეყანა.
- 13
დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ხალხი და დიადი იქნება ის დღე, როცა გავიმარჯვებ, ამბობს უფალი ღმერთი.
- 14
კაცებს დანიშნავენ, რომლებიც გამუდმებით ივლიან ამ ქვეყანაში და დახოცილებსა და მიწის ზედაპირზე დარჩენილებს დამარხავენ, რათა გაასუფთავონ ქვეყანა. შვიდი თვის თავზე დაიწყებენ ძებნას.
- 15
ჩაივლიან ქვეყანაში გამვლელნი, ნახავენ ადამიანის ძვალს და ნიშანს აღმართავენ მასთან, ვიდრე დამმარხველნი დამარხავდნენ მას ჰამონ-გოგის ხეობაში.
- 16
ქალაქის სახელიც ჰამონა იქნება და გაასუფთავებენ ამ ქვეყანას.
- 17
და შენ, ძეო კაცისავ! უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ფრთოსანს ყოველგვარს და მინდვრის ყოველ მხეცს: შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც გწირავთ, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; ხორცს შეჭამთ და სისხლს შესვამთ.
- 18
ძლიერთა ხორცს შეჭამთ და ამ ქვეყნის მთავართა სისხლს ისე შესვამთ, თითქოს ყველა მათგანი ბაშანში გამოკვებილი ვერძები, ბატკნები, ვაცები და მოზვრები ყოფილიყვნენ.
- 19
ძლიერთა ხორცს შეჭამთ და ამ ქვეყნის მთავართა სისხლს ისე შესვამთ, თითქოს ყველა მათგანი ბაშანში გამოკვებილი ვერძები, ბატკნები, ვაცები და მოზვრები ყოფილიყვნენ.
- 20
ჩემს სუფრაზე გაძღებით ცხენებთან, მეეტლეებთან, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 21
ჩემს დიდებას გამოვაჩენ ხალხებში და ყოველი ერი დაინახავს ჩემს სამსჯავროს, მე რომ აღვასრულე და ჩემს ხელს, მათზე რომ დავდე.
- 22
გაიგებს ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი იმ დღიდან უკუნისამდე.
- 23
ერები გაიგებენ, რომ მისი ურჯულოების გამო განიდევნა ისრაელის სახლი; რომ მიღალატეს და მეც სახე ავარიდე მათ, მტრების ხელში ჩავყარე და ყველანი მახვილით მოისრნენ.
- 24
მათი უწმიდურობებისა და დანაშაულებების მიხედვით მოვიქეცი და სახე დავფარე მათგან”.
- 25
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.
- 26
დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ ღალატს, ჩემს წინააღმდეგ რომ ჩაიდინეს, როცა თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ დასახლდებიან და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
- 27
როცა დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შემოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან; წმიდად გამოვჩნდები მათში მრავალი ხალხების თვალწინ.
- 28
მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რადგან მე განვდევნე ისინი ერებში და მევე შემოვკრიბე თავიანთ მიწაზე; არც ერთ მათგანს აღარ დავტოვებ იქ.
- 29
აღარ დავფარავ ჩემს სახეს მათგან, რადგან ისრაელის სახლზე მექნება გადმოღვრილი ჩემი სული!” - ამბობს უფალი ღმერთი.