ეზეკიელი 4
- 1
"შენ კი, ძეო კაცისავ, აიღე აგური, დაიდე წინ და ამოკვეთე მასზე ქალაქი იერუსალიმი.
- 2
ალყაში მოაქციე იგი, სიმაგრე ააშენე მის წინააღმდეგ და მიწაყრილები შემოავლე, განალაგე მათზე ბანაკები და გარშემოარტყი კედლის სანგრევი მანქანები.
- 3
შენ კი, აიღე რკინის დაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის; სახე მისკენ მიაქციე, რათა ალყაში მოექცეს და გარშემორტყმული გყავდეს. ეს იქნება ნიშანი ისრაელის ტაძრისთვის.
- 4
დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდე ისრაელის ტაძრის ურჯულოება. რამდენ დღესაც იწვები, იმდენხანს ატარებ მის ურჯულოებას.
- 5
მე განგისაზღვრე მათი ურჯულოების წლები დღეთა რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათ დღეს ატარებ ისრაელის ტაძრის ურჯულოებას.
- 6
შეასრულებ ამას და დაწვები მარჯვენა გვერდზე; ორმოც დღეს ატარებ იუდას ტაძრის ურჯულოებას. თითო დღე თითო წლისთვის დაგიდგინე.
- 7
იერუსალიმის ალყისკენ მიმართავ სახეს და შიშველ მკლავს, და იწინასწარმეტყველებ მასზე.
- 8
აჰა, შეგბოჭავ და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორეზე, სანამ არ დასრულდება შენი ალყის დღეები.
- 9
აიღე ხორბალი და ქერი, ცერცვი და მურდუმაქი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ერთ ჭურჭელში და საჭმელი მოიმზადე. დღეთა იმ რიცხვის მიხედვით უნდა მოიმზადო, რამდენსაც გვერდზე იწვები, სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო.
- 10
დღეში შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, წონით ოცი შეკელი იყოს, ჟამიდან ჟამამდე ჭამე.
- 11
წყალიც მოზომილად სვი, მეექვსედი ჰინი დალიე ჟამიდან ჟამამდე.
- 12
ქერის კვერს შეჭამ, ადამიანის გამომშრალ განავალზე გამოაცხობ მას, მათ დასანახად”.
- 13
და თქვა უფალმა: "ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმინდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ”.
- 14
მივუგე: "ო, არა უფალო ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა; სიჭაბუკიდან მოყოლებული დღემდე მძორი და მხეცის მიერ დაგლეჯილი არ მიჭამია; აქამდე საზიზღარი ხორცისთვის პირი არ დამიკარებია”.
- 15
მითხრა: "კარგი, საქონლის ნეხვს მოგცემ ადამიანის განავლის ნაცვლად და მასზე მოიმზადე კვერი”.
- 16
მითხრა: "ძეო კაცისავ! აი, მე გავანადგურებ საკვების მარაგს იერუსალიმში და წონითა და დარდით შეჭამენ პურს, მოზომილად და ძრწოლით შესვამენ წყალს.
- 17
ვინაიდან მოაკლდებათ პური და წყალი, ძრწოლით შეხედავენ ერთმანეთს და გატიალდებიან თავიანთ ურჯულოებაში.