ეზეკიელი 3
- 1
მითხრა: "ძეო კაცისავ, ჭამე, რასაც შენ წინ ხედავ. შეჭამე ეს გრაგნილი, მერე წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს”.
- 2
გავაღე პირი და მან შემაჭამა ეს გრაგნილი.
- 3
მითხრა: "ძეო კაცისავ! შეჭამე გრაგნილი, რომელსაც მე გაძლევ და მისით აივსე მუცელი”. მეც შევჭამე და თაფლივით დამიტკბა პირში.
- 4
მითხრა: "ძეო კაცისავ! მიდი ისრაელის სახლთან და ელაპარაკე ჩემი სიტყვები.
- 5
გაუგებარ და მძიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხთან კი არა, ისრაელის სახლთან გაგზავნი,
- 6
არა გაუგებარ და მძიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებდი. მათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ,
- 7
ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.
- 8
აჰა, გავამაგრებ შენს სახეს მათი სახის პირისპირ და შენს შუბლს მათი შუბლის პირისპირ.
- 9
კაჟზე მაგარი ალმასივით გაგიმაგრე შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი, ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია”.
- 10
მითხრა: "ძეო კაცისავ! ყველა სიტყვა, მე რომ გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურადღებით მოისმინე.
- 11
წადი, მიდი დევნილებთან, შენი ხალხის ძეებთან, ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; უნდათ მოისმინონ, უნდათ ნუ მოისმენენ”.
- 12
ამის შემდეგ სულმა ამიყვანა და მომესმა ჩემს უკან ძლიერი გრუხუნის ხმა: "კურთხეულ იყოს უფლის დიდება მისი სამყოფელიდან”.
- 13
ეს იყო არსებების ფრთების ხმა, ერთმანეთს რომ ეხებოდნენ, მათ გვერდით ხმა ბორბლებისა და ძლიერი გრუხუნის ხმა.
- 14
სულმა ამიყვანა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული და გაჯავრებული სულით. უფლის ხელი ძლიერად იყო ჩემზე.
- 15
მივედი დევნილებთან თელ-აბიბში, მდინარე ქებართან რომ ცხოვრობენ. გაოგნებული ვიჯექი იქ შვიდ დღეს, მათ შორის.
- 16
შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემ მიმართ:
- 17
"ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ. ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
- 18
როცა ბოროტმოქმედს ვეტყვი: უსათუოდ მოკვდები-მეთქი! მაგრამ შენ არ გააფრთხილებ და არაფერს ეტყვი, რომ თავის ბოროტ გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მის სისხლს შენგან მოვიკითხავ.
- 19
მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტმოქმედს, ის კი არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.
- 20
ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ.
- 21
თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, უსათუოდ იცოცხლებს, რადგან მიიღო გაფრთხილება, შენ კი თავს იხსნი”.
- 22
იყო იქ ჩემზე უფლის ხელი და მითხრა: "ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები”.
- 23
ავდექი, გავედი ველზე და, აჰა, უფლის დიდება იდგა იქ, იმ დიდების მსგავსი, მდინარე ქებარის პირას რომ ვიხილე; პირქვე დავემხე.
- 24
შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა; მელაპარაკა; მითხრა: "წადი და ჩაიკეტე შენს სახლში,
- 25
ძეო კაცისავ! აჰა, გაგთოკავენ და ისე შეგკრავენ, რომ ვეღარ გახვიდე მათ შორის.
- 26
სასას მივაკრავ შენს ენას და დამუნჯდები, აღარ ეყოლები მათ მამხილებელ კაცად, რადგან მეამბოხენი არიან ისინი.
- 27
როცა დაგელაპარაკები, პირს გაგიხსნი და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. მსმენელმა მოისმინოს, ხოლო ვისაც არ სურს მოსმენა, ნუ მოისმენს, რადგან მეამბოხენი არიან ისინი!”