ეზეკიელი 16
- 1
იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 2
"ძეო კაცისავ! მიუთითე იერუსალიმს მის სისაძაგლეებზე.
- 3
უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: წარმოშობა და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი - ამორელია და დედაშენი - ხეთელი.
- 4
იმ დღეს, შენ რომ დაიბადე, არც ჭიპლარი მოუჭრიათ შენთვის და არც წყლით განბანილხარ გასასუფთავებლად, არც მარილით გახეხილხარ და არც საფენებში შეფუთულხარ.
- 5
არავის თვალს არ შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად, ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან მოგიძულეს.
- 6
გვერდზე ჩაგიარე, საკუთარ სისხლში იყავი მოსვრილი. სისხლიანს გითხარი, იცოცხლე-მეთქი!
- 7
მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე, გაიზარდე და სამკაულივით დამშვენდი, მკერდი დაგემჩნა და თმა გაგეზარდა, თუმცა შიშველ-ტიტველი იყავი.
- 8
კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
- 9
როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე.
- 10
მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.
- 11
სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.
- 12
ნესტოზე რგოლი გაგიკეთე, ყურებზე - საყურეები, თავზე მშვენიერი გვირგვინი დაგადგი.
- 13
ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.
- 14
სახელი გაგივარდა ხალხებში შენი სილამაზის გამო, რადგან სრულყოფილი იყო იგი ჩემი დიდებით, რითაც შეგამკე” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 15
"შენ კი, შენს სილამაზეს მიენდე და გაგამეძავა შენმა სახელმა, ყოველ გამვლელს უწვებოდი და მისი ხდებოდი.
- 16
აიღე შენს სამოსელთაგან, მაღლობები მოირთე და მეძავობდი მათზე, რისი მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება.
- 17
აიღე შენი სამკაული ჩემი ოქრო-ვერცხლიდან, მე რომ მოგეცი, მამაკაცის გამოსახულება გაიკეთე და მეძავობდი მასთან.
- 18
აიღე ნაქარგი ქსოვილის სამოსელი და მათ გადააფარე, ჩემს ზეთსა და საკმეველს სწირავდი მათ წინაშე.
- 19
ჩემი მოცემული პური, გამტკიცული ფქვილი, ზეთი და თაფლი, მე რომ გაჭმევდი - მათ სწირავდი სასიამოვნო კეთილსურნელებად!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 20
"შენს ძეებსა და ასულებს, მე რომ გამიჩინე, მსხვერპლად სწირავდი კერპებს ჩასანთქმელად, თითქოს შენი მეძავობა არ იყო საკმარისი.
- 21
შენ კლავდი ჩემს შვილებს და კერპებს აძლევდი.
- 22
მთელ ამ სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი საკუთარ სისხლში იყავი ამოთხვრილი.
- 23
ყველა ამ ბოროტების შემდეგ - ვაი, ვაი შენ! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 24
აიშენე შენთვის სამეძაოები და გორაკი გაიკეთე ყველა მოედანზე.
- 25
ყოველ ქუჩისთავში აიშენე გორაკი და გამოფინე შენი სილამაზე, ფეხებს უშლიდი ყველა გამვლელს და ამრავლებდი შენს სიძვას.
- 26
მეძავობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს გულისთქმიან მეზობლებთან; ამრავლებდი შენს სიძვას ჩემს გასაჯავრებლად.
- 27
აჰა, გამოვიწოდე ხელი და შეგიმცირე შენთვის გამზადებული მიწა. შენს მოძულეებს გადაგეცი, ფილისტიმელ ასულებს, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა.
- 28
აშურის ძეებთანაც მეძავობდი, გაუმაძღრობის გამო მეძავობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ გაძეხი.
- 29
მეტად გაამრავლე შენი სიძვა ქანაანის ქვეყანაში ქალდეამდე, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდი.
- 30
როგორ გაგეთანგა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივეს ამას სჩადიოდი, როგორც აღვირახსნილი მეძავი ქალი.
- 31
იშენებდი გორაკებს ყოველ ქუჩისთავში და საროსკიპოებს - ყველა მოედანზე, მაშინ მეძავივით არ იყავი, რადგან უარს ამბობდი საფასურზე.
- 32
მრუში ცოლივით, რომელიც ქმრის ნაცვლად უცხოებს უწვება.
- 33
ყველა როსკიპ ქალს საჩუქარს აძლევენ, შენ კი პირიქით, იქით ასაჩუქრებდი შენს საყვარლებს და ქრთამავდი შენთან მოსასვლელად ყოველი მხრიდან, შენთან სიძვისთვის.
- 34
შენ სხვა ქალებისგან განსხვავებულად როსკიპობდი: შენ კი არ დაგდევდნენ საროსკიპოდ, არც საზღაურს გაძლევდნენ, პირიქით იქცეოდი.
- 35
ამიტომ მოისმინე უფლის სიტყვა, როსკიპო.
- 36
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გადმოღვარე შენი სიბილწე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და ყველა შენს საზიზღარ კერპთან; ასევე შენი ძეების სისხლის გამო, მათ რომ შესწირე,
- 37
აჰა, მოვაქუჩებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, ყველას, ვინც გიყვარდა, ვინც გძულდა; მოვაქუჩებ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან, ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სირცხვილს.
- 38
გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
- 39
გადაგცემ მათ ხელს, დაანგრევენ შენს საროსკიპოებს და დაამხობენ შენს გორაკებს, სამოსელს გაგხდიან, წაგართმევენ სამკაულებსა და მოკაზმულობას და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.
- 40
ბრბოს აგიმხედრებენ, ქვებით ჩაგქოლავენ და მახვილებით აგჩეხენ.
- 41
ცეცხლით გადაგიწვავენ სახლებს, მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენს განკითხვას; შეწყვეტ როსკიპობას და აღარც საჩუქრებს გასცემ.
- 42
დავიცხრობ გულისწყრომას შენზე, ჩამიქრება ეჭვიანობა, დავწყნარდები და მეტად აღარ განვრისხდები.
- 43
ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.
- 44
და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო.
- 45
დედაშენის შვილი ხარ, თავისი ქმარ-შვილი რომ სძულდა; და ხარ შენი დებისა, საკუთარი ქმრები და ძეები რომ სძულდათ; ხეთელია დედაშენი და ამორელია მამაშენი.
- 46
სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.
- 47
მათი გზებით არ დადიოდი, არც მათი სისაძაგლენი ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა; მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე.
- 48
ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ გაუკეთებიათ ის, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით.
- 49
აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული - სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.
- 50
გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ წინაშე; ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე.
- 51
სამარიას კი შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. შენი სისაძაგლეებით გაუსწარი მათ; მართლები გამოჩნდნენ შენი დები ყველა შენი სისაძაგლით, რასაც სჩადიოდი.
- 52
ახლა შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების განმკითხველო, საკუთარი ცოდვებით, რითაც მათზე მეტად შეიბილწე. ისინი შენზე მართლები არიან! ჰოდა, ატარე შენი სირცხვილი, რადგანაც შენ გაამართლე შენი დები.
- 53
და დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომსა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიასა და მისი ასულების ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ წიაღში,
- 54
რათა ატარო შენი სირცხვილი და გრცხვენოდეს ყველაფრის, რაც ჩაიდინე მათ სანუგეშოდ.
- 55
შენი დები - სოდომი და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; და შენ და შენი ასულებიც დაუბრუნდებით პირვანდელს.
- 56
შენი სიამაყის დღეებში, შენი ბაგითაც კი არ მოიხსენიებოდა შენი და სოდომი,
- 57
სანამ გამომჟღავნდებოდა შენი ბოროტმოქმედებანი შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს.
- 58
შენი გარყვნილება და სისაძაგლე ატარე ახლა! ამბობს უფალი.
- 59
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და აღთქმა დამირღვიე.
- 60
გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში დადებულს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.
- 61
გაგახსენდება შენი გზები და შეგრცხვება, როცა მიიღებ შენს დებს - შენზე უფროსებსა და შენზე უმცროსებს; როცა დაგიდგენ მათ ასულებად, მაგრამ არა შენი აღთქმის გამო.
- 62
აღვადგენ შენთან ჩემს აღთქმას და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
- 63
რათა გაიხსენო და შეგრცხვეს, და პირს ვეღარ ხსნიდე სირცხვილით, როცა მოგიტევებ ყოველივეს, რაც ჩაიდინე” - ამბობს უფალი ღმერთი.