ეზეკიელი 11
- 1
ამიყვანა სულმა და უფლის ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭესთან მიმიყვანა, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცი დგას; მათ შორის იაზანია, ყაზურის ძე და ფელატია, ბენაიას ძე, - ერის მთავარნი.
- 2
მითხრა "ძეო კაცისავ! ეს ადამიანები ურჯულოებას იზრახავენ და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში,
- 3
ამბობენ: განა მალე არ დადგება სახლების შენების დრო? ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი ვართო მასში.
- 4
ამიტომ იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ!”
- 5
გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: "თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.
- 6
გაგიმრავლებიათ დახოცილნი ამ ქალაქში და ქუჩები გვამებით აგივსიათ.
- 7
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, ქალაქის შუაგულში რომ დაგიქუჩებიათ, ხორცია, ეს ქალაქი კი - ქვაბი, ხოლო თქვენ გამოგიყვანთ.
- 8
მახვილის გეშინოდათ და მახვილს მოვაწევ თქვენზე! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 9
გამოგიყვანთ იქიდან, უცხოთა ხელში ჩაგაგდებთ და სამართალს აღვასრულებ თქვენზე.
- 10
მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
- 11
არ იქნება ის თქვენთვის ქვაბი და არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვართან გაგასამართლებთ თქვენ.
- 12
და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, რადგან ჩემი წესებით არ დადიოდით და ჩემი დადგენილებებით არ იქცეოდით, არამედ იმ ხალხების წესებით იქცეოდით, თქვენ გარშემო რომ არიან”.
- 13
როცა ვწინასწარმეტყველებდი, მოკვდა ფელატია, ბენაიას ძე. პირქვე დავემხე, ხმამაღლა შევღაღადე და ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო, ნუთუ ბოლოს მოუღებ ისრაელის ნატამალს?”
- 14
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 15
"ძეო კაცისავ! შენი ძმები, შენი ნათესავები, შენთან ერთად დევნილები და მთელი ისრაელის სახლი არიან ისინი, რომელთაც უთხრეს იერუსალიმის მკვიდრებმა: მოშორდით უფალს, რადგან ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.
- 16
ამიტომ თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა მე გადავკარგე ისინი ხალხებში და გავფანტე ისინი ქვეყნებში, მაინც მე ვიქეცი მათთვის მცირე საწმიდრად იმ ქვეყნებში, სადაც მივიდნენ.
- 17
ამიტომ თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე შეგკრებთ თქვენ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც გაგფანტეთ და მოგცემთ ისრაელის მიწას.
- 18
როცა მივლენ, მოკვეთავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.
- 19
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ.
- 20
რომ ჩემი წესებით იარონ, ჩემი დადგენილებები დაიცვან და შეასრულონ; მაშინ ჩემი ხალხი იქნება იგი და მე მისი ღმერთი ვიქნები.
- 21
ხოლო ვისაც სიბილწეებისა და სისაძაგლეებისკენ მიელტვის გული, მათსავე საქციელს მოვაწევ თავზე”, - ამბობს უფალი ღმერთი.
- 22
გაშალეს ქერუბებმა ფრთები, ბორბლები მათ გვერდით, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათზე მაღლიდან.
- 23
ამაღლდა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და ქალაქის აღმოსავლეთით მთას დაადგა.
- 24
ამიყვანა სულმა და ხილვაში ღმერთის სულით მიმიყვანა განდევნილებთან ქალდეაში და განმშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
- 25
ვუამბე განდევნილებს ყველაფერი, რაც უფალმა მაჩვენა.