ეზეკიელი 10
- 1
გავიხედე და, აჰა, ცის თაღზე, ქერუბთა თავზე რომ არის, რაღაც საფირონის ქვის მსგავსი, თითქოს ტახტი გამოჩნდა.
- 2
ელაპარაკა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: "შედი ბორბლებს შორის, ქერუბების ქვეშ, აივსე პეშვები ცეცხლის ნაკვერჩხლებით, ქერუბთა შორის რომაა და მოფანტე ქალაქზე”. და ჩემს თვალწინ შევიდა იგი.
- 3
იმ კაცის შესვლისას ქერუბები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ; ღრუბელმა აავსო შიდა ეზო.
- 4
ამაღლდა უფლის დიდება ქერუბებისგან ტაძრის ზღურბლისაკენ და ღრუბლით აივსო ტაძარი, ეზო კი - უფლის დიდების ბრწყინვალებით.
- 5
ქერუბთა ფრთების ხმა გარე ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლისშემძლე ღმერთისა, როცა ლაპარაკობს.
- 6
როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს - აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბთა შორისო - შევიდა და დადგა ბორბალთან.
- 7
გაიწოდა ქერუბმა ხელი ცეცხლისკენ, ქერუბთა შორის რომ იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გამოვიდა.
- 8
ქერუბებს ადამიანის ხელის მსგავსი რამ უჩანდათ ფრთებქვეშ.
- 9
შევხედე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბებთან: თითო ბორბალი თითო ქერუბთან. ბორბლები ქრიზოლიტივით ბრწყინავდნენ.
- 10
ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩამჯდარი.
- 11
გადაადგილდებოდნენ ოთხი მიმართულებით, მიბრუნების გარეშე, საკუთარი მიმართულებით; იქითკენ, საითაც თავები ჰქონდათ მიმართული; მიბრუნების გარეშე მიდიოდნენ.
- 12
მთელი მათი სხეული, ზურგი, ხელები, ფრთები და ბორბლები თვალებით იყო ირგვლივ სავსე, ოთხივე მათი ბორბალი.
- 13
ჩემს გასაგონად "გრიგალი” უწოდეს ბორბლებს.
- 14
ოთხი სახე ჰქონდა თითოეულს, ერთი - ქერუბისა, მეორე - ადამიანისა, მესამე - ლომისა და მეოთხე - არწივის სახე.
- 15
ამაღლდნენ ქერუბნი. იგივე არსებანი იყვნენ, მდინარე ქებართან რომ ვიხილე.
- 16
დაიძვრებოდნენ ქერუბები და გვერდით მიჰყვებოდნენ ბორბლებიც; ასწევდნენ ფრთებს ქერუბნი, მიწიდან ასამაღლებლად და არ ბრუნდებოდნენ ბორბლები, ისინიც თან მიჰყვებოდნენ.
- 17
დადგომისას ისინიც დგებოდნენ, ამაღლებისას ისინიც მაღლდებოდნენ, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
- 18
გამოვიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და დაივანა ქერუბებზე.
- 19
გაშალეს ქერუბებმა ფრთები და ამაღლდნენ მიწიდან ჩემს თვალწინ. ბორბლებიც თან ჰქონდათ. დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელთან, ისრაელის ღმერთის დიდება ედგათ ზემოდან.
- 20
ისინი იგივე არსებანი იყვნენ ისრაელის ღვთის ქვეშ რომ ვნახე მდინარე ქებართან. მიხვდი, რომ ქერუბნი იყვნენ.
- 21
თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხი ფრთა ჰქონდა და ადამიანის ხელის მსგავსი რამ ფრთების ქვეშ.
- 22
შესახედაობა მათი სახეებისა ისეთივე იყო, მდინარე ქებართან რომ ვნახე. თვითონ ისინიც და მათი შესახედაობაც; თითოეული საკუთარი სახის მიმართულებით მიდიოდა.