იერემია 9
- 1
"ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!
- 2
ვინ მომცემს უდაბნოში მგზავრთა თავშესაფარს? დავტოვებდი ჩემს ხალხს, გავეცლებოდი, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა ხროვა.
- 3
მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ”, - ამბობს უფალი.
- 4
თითოეული საკუთარ მოყვასს უფრთხილდით, ძმასაც არ ენდოთ, რადგან ძმა ძმაზე მზაკვრობს და მოყვასი მოყვასზე ცილისმწამებლობს.
- 5
მოყვასი მოყვასს ატყუებს, სიმართლეს არ ლაპარაკობს, ენა სიცრუის ლაპარაკს მიაჩვიეს, ქანცი გაუწყდათ თაღლითობით.
- 6
"ვერაგი ხალხის შუაგულში ცხოვრობ და თავიანთი ვერაგობის გამოა, რომ უარი თქვეს ჩემს შეცნობაზე” - ამბობს უფალი.
- 7
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გამოვადნობ მათ და გამოვცდი, აბა, ჩემს ცოდვილ ხალხს სხვაგვარად როგორღა მოვექცე?!
- 8
მომსვრელი ისარია მათი ენა, მზაკვრულად ლაპარაკობენ, პირით მშვიდობას უსურვებენ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.
- 9
განა არ დავსჯი მათ ამის გამო? - ამბობს უფალი, განა არ მივაგებ მათი დამსახურებისამებრ ასეთ ხალხს, როგორიც ესაა?
- 10
მთებისთვის ვიტირებ და ვიქვითინებ, უდაბნოს საძოვრებისთვის ვიგლოვებ, რადგან გადაიბუგნენ, აღარავინაა გამვლელი, აღარც სამწყსოს ხმა ისმის, გაიფანტა ყველა: ცის ფრინველიდან პირუტყვამდე წავიდნენ.
- 11
ქვის გროვად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავატიალებ იუდას ქალაქებს, მცხოვრებთა გარეშე დავტოვებ.
- 12
არის კი ვინმე ბრძენი, რომ მიხვდეს ამას? ვის ელაპარაკა უფლის ბაგე, რომ თქვას, რისთვის დაიღუპა ქვეყანა, რისთვის გადაიბუგა როგორც უდაბნო, ისე, რომ აღარავინაა იქ გამვლელი.
- 13
და თქვა უფალმა: "იმისთვის, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, მე რომ დავუდგინე, არ შეისმინეს ჩემი ხმა და არც მის მიხედვით იარეს,
- 14
თავიანთი გულების სიფიცხით დადიოდნენ და ბაყალებს მიჰყვებოდნენ, როგორც მამებისგან ისწავლეს”.
- 15
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, ვაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს.
- 16
გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობენ არც ისინი და არც მათი მამები, უკან კი მახვილს დავადევნებ, სანამ არ ამოვწყვეტ”.
- 17
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "დაუკვირდით და მოუხმეთ მოტირალთ, რომ მოვიდნენ; გაგზავნეთ ბრძენ ქალებთან, რომ ისინიც მოვიდნენ.
- 18
იჩქარონ და აამაღლონ ჩვენზე მოთქმა-გოდება, რათა ცრემლები წამოგვცვივდეს თვალებიდან და ჩვენი ქუთუთოებიდან წყალმა იდინოს.
- 19
რადგან მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: როგორ გავიძარცვეთ და შევრცხვით! ქვეყანა უნდა დავტოვოთ, რადგან გამოგვყარეს ჩვენი საცხოვრებლებიდან!”
- 20
ახლა ისმინეთ, ქალებო, ამბობს უფალი, მოისმინოს თქვენმა ყურებმა სიტყვა მისი პირისა: "თქვენს ასულებს მოთქმა ასწავლეთ და ერთმანეთს - გოდება:
- 21
რადგან სიკვდილი ამოძვრა ჩვენს სარკმლებზე, გამოსცდა ჩვენი ქალაქის გალავნებს, რათა ბავშვები ქუჩებში გაგვიწყვიტოს და ჭაბუკნი - მოედნებზე”.
- 22
ილაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: "დაეცემიან ადამიანთა გვამები როგორც ნეხვი მინდორში, როგორც ძნა მომმკელის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი”.
- 23
ასე ამბობს უფალი: "ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი - თავისი ძალით და მდიდარი - თავისი სიმდიდრით.
- 24
არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” - ამბობს უფალი.
- 25
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და დავსჯი ყველას, ვინც მხოლოდ ხორცით არის წინადაცვეთილი.
- 26
ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონის ძეთ, მოაბსა და ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობენ, რადგან ყველა ეს ხალხები წინადაუცვეთელნი არიან და ისრაელის მთელი სახლი კი გულითაა წინადაუცვეთელი”.