იერემია 8
- 1
"იმ დროს, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეების ძვლებს, მის მთავართა ძვლებს, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს მათი საფლავებიდან.
- 2
და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის მთელი ლაშქრის წინ, რომლებიც უყვარდათ მათ, რომლებსაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მიყვებოდნენ, რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; აღარ მოაგროვებენ და აღარ დაკრძალავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის ზედაპირზე.
- 3
სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ დარჩენილნი, ვინც ამ ბოროტი მოდგმიდან დარჩება ყველა ადგილზე, სადაც გავფანტე ისინი”, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 4
ასე ეტყვი: "ასე ამბობს-თქო უფალი, განა დაცემულა კაცი და ფეხზე აღარ ამდგარა, განა განდგომილა კაცი და არ მოუნანიებია?
- 5
რატომ განმიდგა ეს ხალხი, იერუსალიმი, სამუდამო განდგომით? ჩასჭიდებიან სიცრუეს და მობრუნებას უარობენ.
- 6
ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ბოროტებას, ამბობენ: განა რა დავაშავეო? ყველა თავის გზაზე მიიჩქარის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.
- 7
ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.
- 8
როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ, ვინაიდან უფლის რჯულია ჩვენთანო? აჰა, სიცრუედ აქცია იგი მწიგნობართა ცრუ კალამმა.
- 9
შერცხვნენ ბრძენები, დაიბნენ და გაებნენ; აჰა, უარყვეს უფლის სიტყვა, რაღა სიბრძნე აქვთ?
- 10
ამიტომ მათ ცოლებს სხვებს მივცემ და მათ მინდვრებს - ახალ პატრონებს, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა ანგარია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მქმნელია.
- 11
ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს; გაიძახიან: მშვიდობაა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.
- 12
რცხვენიათ კი იმ სისაძაგლის გამო, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომ დაეცემიან დაცემულთა შორის; სასჯელს მოვუვლენ და დაეცემიან”, - ამბობს უფალი.
- 13
"მე წავართმევ მათ მოსავალს, ამბობს უფალი, ყურძენი აღარ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვის ხეს; ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი, ხელიდან გამოეცლებათ”.
- 14
რატომ ვსხედვართ? შეიყარეთ, წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა და მოწამლული წყალი გვასვა, ვინაიდან უფალს შევცოდეთ.
- 15
მშვიდობის მოლოდინი გვქონდა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს მოველოდით და, აჰა, საშინელებაა!
- 16
დანიდან ისმის მისი ცხენების ქშენა; მისი ულაყების ჭიხვინის ხმაზე მთელი ქვეყანა ზანზარებს; რადგან მოდიან, ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქებსა და მათში მცხოვრებთ.
- 17
რადგანაც, "აჰა, შემოგისევთ გველებსა და მოუნუსხავ ასპიტებს და დაგგესლავენ”, - ამბობს უფალი.
- 18
ჩემი მწუხარება უსაზღვროა, გული დამისუსტდა.
- 19
აჰა, ისმის ჩემი ხალხის, ჩემი ასულის ტირილის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? აღარ არის იქ მისი მეფე? "რატომ გამაბრაზეს თავიანთი ქანდაკებებით, უცხო ქვეყნების კერპებით?”
- 20
მკის დრო გავიდა, ზაფხული მიილია, ჩვენ კი დახსნილნი არა ვართ.
- 21
ჩემი ხალხის, ჩემი ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, ვგლოვობ, მღელვარებამ შემიპყრო.
- 22
განა აღარ არის მალამო გილყადში? განა აღარ არის იქ მკურნალი? მაშ, რატომ არ გამოჯანმრთელდა ჩემი ხალხი, ჩემი ასული?