იერემია 39
- 1
იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას.
- 2
ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაირღვა ქალაქის ზღუდე.
- 3
მოვიდა ბაბილონის მეფის ყველა მთავარი და დასხდა შუა კარიბჭეში: ნერგალ სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი - საჭურისთა უფროსი, ნერგალ სარეგერი - გრძნეულთა უფროსი და ბაბილონის მეფის ყველა დანარჩენი მთავარი.
- 4
იხილა თუ არა ეს ციდკიაჰუმ, იუდას მეფემ და ყველა მებრძოლმა, ღამიანად გაიქცნენ; ქალაქიდან ორ გალავანს შორის მდებარე ჭიშკრის ბილიკით გავიდნენ, რომელიც მეფის ბაღთანაა; ყარაბას გზას დაადგნენ.
- 5
უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი; იერიხოს ველზე დაეწივნენ ციდკიაჰუს, შეიპყრეს და რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან მიიყვანეს; გამოუტანა განაჩენი.
- 6
და მის თვალწინ დაკლა ბაბილონის მეფემ რიბლაში ციდკიაჰუს ძენი; იუდას ყველა დიდებულიც დააკვლევინა ბაბილონის მეფემ.
- 7
ციდკიაჰუს კი თვალები დათხარა და ბორკილები დაადო, ბაბილონში წასაყვანად.
- 8
მეფის სახლი და ხალხის სახლები ცეცხლით გადაწვეს ქალდეველებმა, იერუსალიმის გალავნები კი დაანგრიეს.
- 9
ამ ქალაქში დარჩენილი ხალხი და ქალდეველებთან გადასულნი, ბაბილონში გადაასახლა ნაბუზარდანმა, მცველთა უფროსმა, სხვა დარჩენილებთან ერთად.
- 10
ღარიბი ხალხი კი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, იუდას ქვეყანაში დატოვა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა და მისცა მათ იმ დღეს ვენახები და ხნულები.
- 11
იერემიაზე კი ასე უბრძანა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ნაბუზარადანს, მცველთა უფროსს:
- 12
"აიყვანე და თვალი ადევნე, ცუდს ნურაფერს გაუკეთებ; ისე მოექეცი, როგორც გეტყვის”.
- 13
გაგზავნეს ნაბუზარადანმა - მცველთა უფროსმა, ნაბუშაზბანმა - საჭურისთა უფროსმა, ნერგალ სარეცერმა - გრძნეულთა უფროსმა და ბაბილონის მეფის ყველა მთავარმა;
- 14
წარგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან; და გადასცეს ის გედალიას, შაფან ახიკამის ძის შვილს, რათა სახლში მიეყვანა იგი; ასე დარჩა ის თავის ხალხში.
- 15
საყარაულო ეზოში პატიმრობისას სიტყვა მიეცა იერემიას უფლისგან:
- 16
"წადი და ასე უთხარი ეთიოპიელ ყებედ-მელექს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შენს თვალწინ იმ დღეს მოეწევა ამ ქალაქს ჩემი სიტყვები მისდა საუბედუროდ და არა მისდა სასიკეთოდ.
- 17
გადაგარჩენ შენ იმ დღეს! ამბობს უფალი, არ გადაეცემი იმ კაცთა ხელს, ვისიც გეშინია.
- 18
ნამდვილად გადაგარჩენ, მახვილით არ მოკვდები; ნადავლად გექნება შენი სული, რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული! ამბობს უფალი”.