იერემია 38
- 1
მოისმინეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ ის სიტყვები, რომელსაც იერემია ეუბნებოდა მთელ ხალხს:
- 2
"ასე ამბობს უფალი: ვინც ამ ქალაქში დარჩება, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც ქალდეველებს ჩაბარდება, იცოცხლებს; საკუთარი სიცოცხლე ექნება ნადავლად და ცოცხალი გადარჩება.
- 3
ასე ამბობს უფალი, უსათუოდ ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და იგი დაიპყრობს მას”.
- 4
უთხრეს მთავრებმა მეფეს: "უნდა მოკვდეს ეს კაცი იმის გამო, რომ ხელებს უუძლურებს ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლ კაცებს და მთელ ხალხს ამგვარი ლაპარაკით; კეთილდღეობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ - ბოროტებას”.
- 5
თქვა მეფე ციდკიაჰუმ: "აჰა, თქვენს ხელთაა იგი, რადგან მეფეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია თქვენს საწინააღმდეგოდ”.
- 6
აიყვანეს იერემია და ჩააგდეს მეფის ძის მალქიას დილეგში, საყარაულო ეზოში რომ იყო. თოკებით ჩაუშვეს შიგ იერემია, წყალი არ იყო დილეგში მხოლოდ - ტალახი; ჩაეფლო იერემია ტალახში.
- 7
შეიტყო ეთიოპიელმა საჭურისმა, ყებედ-მელექმა, რომელიც მეფის სასახლეში იმყოფებოდა, რომ დილეგში ჩასვეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
- 8
გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და უთხრა მეფეს:
- 9
"მეფევ, ბატონო ჩემო! ბოროტად მოექცნენ ეს კაცები იერემია წინასწარმეტყველს, დილეგში ჩააგდეს იგი და შიმშილით მოკვდება იქ, რადგან პური აღარ არის ქალაქში”.
- 10
უბრძანა მეფემ ეთიოპიელ ყებედ-მელექს: "ოცდაათი კაცი წაიყვანე აქედან და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი დილეგიდან, ვიდრე არ მომკვდარა”.
- 11
აიყვანა ყებედ-მელექმა კაცები და მივიდა მეფის სასახლეში, საგანძურის ქვეშ, აიღო ძონძები, ძველი ჩვრები და თოკებთან ერთად ჩაუშვა ისინი იერემიასთან დილეგში.
- 12
უთხრა ეთიოპიელმა ყებედ-მელექმა იერემიას: "იღლიების ქვეშ ამოიფინე ეს ძონძები და ძველი ჩვრები, თოკებს შორის”. ასეც მოიქცა იერემია.
- 13
ამოსწიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს დილეგიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.
- 14
კაცი გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან; უთხრა მეფემ იერემიას: "რაღაცას გკითხავ და ნურაფერს დამიმალავ!”
- 15
უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს: "რომ გითხრა, განა უსათუოდ სიკვდილით არ დამსჯი? კიდევაც რომ გირჩიო, მაინც არ მომისმენ”.
- 16
ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას და უთხრა: "ცოცხალია უფალი, რომელმაც სული ჩაგვიდგა, რომ არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელში ჩაგაგდებ, შენს სულს რომ ეძიებენ!”
- 17
უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს, "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, მაშინ იცოცხლებ და არც ეს ქალაქი გადაიბუგება ცეცხლში. შენც იცოცხლებ და შენი სახლეულიც.
- 18
მაგრამ თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, მაშინ ეს ქალაქი ქალდეველთა ხელში ჩავარდება და ცეცხლით გადაბუგავენ მას, ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან”.
- 19
უთხრა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას: "იმ იუდეველების მეშინია, ქალდეველების მხარეს რომ გადავიდნენ, რადგან შეიძლება ქალდეველებმა მათ ხელთ გადამცენ და შეურაცხმყონ”.
- 20
უთხრა იერემიამ: "არ გადაგცემენ! ოღონდ დაემორჩილე უფლის ხმას, რასაც მე გეუბნები, რათა ყველაფერი კარგად წაგივიდეს და იცოცხლო.
- 21
ხოლო თუ არ ისურვებ დანებებას, ეს არის სიტყვა, რომელიც უფალმა მომცა:
- 22
აჰა, ყველა ქალს, ვინც იუდას მეფის სასახლეში დარჩა, ბაბილონის მეფის სარდლებთან მიიყვანენ; ქალები იტყვიან: "მოგატყუეს და გძლიეს შენმა ახლო მეგობრებმა; ჭაობში რომ გეფლობოდა ფეხი, მაშინ გაქციეს ზურგი.
- 23
ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებთან გაიყვანენ და ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლით გადაიბუგება”.
- 24
უთხრა ციდკიაჰუმ იერემიას: "კაციშვილს არ გააგებინო ეს სიტყვები და არ მოკვდები.
- 25
თუ მთავრებმა გაიგეს, რომ გელაპარაკე, მოვიდნენ და გითხრეს: თქვი, რა ელაპარაკე მეფეს და რას გელაპარაკა მეფე, არ დაგვიმალო და სიკვდილით არ დაგსჯითო,
- 26
ასე უპასუხე: ჩემს სათხოვარს ვავედრებდი-თქო მეფეს, რომ იონათანის სახლში აღარ დამაბრუნოს და არ მოვკვდე-თქო იქ”.
- 27
მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი იმ სიტყვების თანახმად უპასუხა, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები. შეწყვიტეს მასთან ლაპარაკი, რადგან ვერაფერი შეიტყვეს.
- 28
იჯდა იერემია საყარაულო ეზოში იერუსალიმის დაცემის დღემდე. იერუსალიმის დაცემის შემდეგაც იქ დარჩა.