იერემია 33
- 1
მეორედაც გამოეცხადა უფლის სიტყვა იერემიას, როცა ჯერ კიდევ საყარაულო ეზოში იყო დაპატიმრებული.
- 2
ასე ამბობს უფალი, სამყაროს შემოქმედი, უფალი, რომელმაც გამოძერწა და დააფუძნა იგი. უფალია მისი სახელი!
- 3
"მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ”.
- 4
რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებსა და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც ალყისა და მახვილის გამო დაემხო:
- 5
და მათზე, რომლებიც ქალდეველებთან საბრძოლველად მოდიან, რათა არემარე იმ ადამიანთა გვამებით აივსოს, მე რომ დავხოცე ჩემი რისხვითა და გულისწყრომით, და სახე დავუმალე ამ ქალაქს მათი ბოროტების გამო;
- 6
აჰა, მევე მოვუტან მათ განკურნებასა და შვებას, განვკურნავ და მშვიდობისა და უსაფრთხოების სიუხვეს გამოვუჩენ.
- 7
ტყვეობიდან დავაბრუნებ იუდასა და ისრაელს, და პირვანდელივით ავაშენებ მათ.
- 8
განვწმედ ყველა უმართლობისგან, რითაც შემცოდეს; მივუტევებ ყველა დანაშაულს, რითაც შემცოდეს და ამიჯანყდნენ;
- 9
და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.
- 10
ასე ამბობს უფალი: ამ ადგილზე, რომელზეც ამბობთ: აოხრდა, გაუკაცრიელდა, გაუდაბურდა იუდას ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, ადამიანებისა და საქონლის გარეშე დარჩაო,
- 11
კვლავ გაისმება ხმა ლხინისა და სიხარულისა, ხმა ნეფისა და პატარძლისა, ხმა მოლაპარაკისა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი და უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლიერებით შედით უფლის სახლში, ვინაიდან დავაბრუნებ ტყვეებს ამ მიწისას, როგორც თავდაპირველად იყო, - ამბობს უფალი.
- 12
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ამ ადგილზე, ახლა რომ აოხრებული, გაუკაცრიელებული და უსაქონლოა, მის ყველა ქალაქში, კვლავ გაჩნდება მწყემსთა სადგომები, რომლებიც ფარებს მოასვენებენ.
- 13
მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში და ბენიამინის მიწაზე, იერუსალიმის გარშემო და იუდას ქალაქებში კიდევ გაატარებენ ფარას, მისი დამთვლელის ხელით, ამბობს უფალი.
- 14
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და მე ავახდენ იმ კეთილ სიტყვას, რაც ისრაელისა და იუდას სახლზე ვთქვი.
- 15
იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.
- 16
იმ დღეებში გადარჩება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება იერუსალიმი. ესაა სახელი, მას რომ უწოდებენ: უფალია ჩვენი სამართლიანობა!
- 17
ვინაიდან ასე ამბობს უფალი: არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი,
- 18
არც ლევიან მღვდლებს მოეკვეთებათ ჩემ წინაშე კაცი, სრულადდასაწველისა და ძღვენის აღმავლენელი და მსხვერპლის შემომწირველი ყოველდღიურად”.
- 19
ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასთან:
- 20
ასე ამბობს უფალი: "თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რომ თავის დროზე აღარ თენდებოდეს და აღარ ღამდებოდეს,
- 21
მაშინ ჩემი აღთქმაც დაირღვევა დავითთან, ჩემს მსახურთან, რომ აღარ ჰყავდეს ძე თავის ტახტზე გასამეფებლად, და ლევიანებთან - ჩემს მომსახურე მღვდლებთან.
- 22
ცის მხედრობასავით აღურიცხავი და ზღვის ქვიშასავით დაუთვლელი იქნება ჩემი მსახურის, დავითის შთამომავალთა და ლევიანთა, ჩემს მსახურთა სიმრავლე”.
- 23
ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასთან:
- 24
"ვერ დაინახე რას ამბობდა ეს ხალხი: ორი შტო, რომელიც ამოარჩია უფალმა, თვითონვე უკუაგდოო? მოიძულეს ჩემი ერი და ხალხადაც აღარ თვლიან საკუთარ თვალში.
- 25
ასე ამბობს უფალი: თუ მე არ დავუდე აღთქმა დღესა და ღამეს და დავადგინე ცისა და ქვეყნის წესი,
- 26
მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემი მსახურების თესლსაც უკუვაგდებ და არ აღვადგენ მთავრებს მისი შთამომავლობიდან აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის თესლისთვის. რადგან მოვაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!”