იერემია 32
- 1
და იყო სიტყვა უფლისგან იერემიას მიმართ იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეათე წელს. ეს იყო ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელი.
- 2
ბაბილონის მეფის ლაშქარს იერუსალიმი ალყაში მოექცია, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი დამწყვდეული იყო საყარაულო ეზოში, რომელიც იუდას მეფის სახლთანაა.
- 3
იუდას მეფემ, ციდკიაჰუმ დაამწყვდია იგი; უთხრა: "რატომ წინასწარმეტყველებ, ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო?
- 4
იუდას მეფე ციდკიაჰუ ხელიდან ვერ წაუვა ქალდეველებს, ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფესო; პირისპირ ილაპარაკებენ და საკუთარი თვალებით შეხედავენ ერთმანეთსო.
- 5
ციდკიაჰუს ბაბილონში წაიყვანს და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვინახულებო, ამბობს უფალი. ქალდეველებს თუ შეებრძოლებით, დამარცხდებითო”.
- 6
თქვა იერემიამ: "იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 7
აჰა, ხანამეელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან. უნდა გითხრას: იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ არის, რადგან გამოსყიდვის უფლების თანახმად შენ უნდა იყიდოო”.
- 8
უფლის სიტყვის თანახმად, მოვიდა საყარაულო ეზოში ხანამეელი, ჩემი ბიძაშვილი, და მითხრა: "იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ არის, ბენიამინის ქვეყანაში, რადგან მემკვიდრეობით გეკუთვნის, შენია გამოსყიდვის უფლება, იყიდე!” მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.
- 9
ვიყიდე მინდორი, ხანამეელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში რომ არის; ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი მივუწონე.
- 10
წერილში ჩავწერე, დავბეჭდე, მოწმეებს დავუძახე და ფული სასწორით მივუწონე.
- 11
ავიღე ნასყიდობის წერილი, როგორც დაბეჭდილი, ასევე ღია ასლი, რომელშიც პირობები და წესები ეწერა.
- 12
მივეცი ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს, მახსეიასის ძეს, ხანამეელის, ჩემი ბიძაშვილისა და ყველა მოწმის თვალწინ, ხელი რომ მოაწერეს ნასყიდობის წერილს, და ყველა იუდევლის თვალწინ, საყარაულო ეზოში რომ ისხდნენ.
- 13
მათი თანდასწრებით ვუბრძანე ბარუხს და ვუთხარი:
- 14
"ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს წერილები, ეს ნასყიდობის წერილი, დაბეჭდილიც და ღიაც, და თიხის ჭურჭელში ჩადე, რომ დიდხანს შეინახოს.
- 15
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სახლებს, მინდვრებსა და ვენახებს კვლავ იყიდიან და გაყიდიან ამ ქვეყანაში!”
- 16
მას შემდეგ, რაც ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს მივაბარე, ასე ვილოცე უფლისადმი:
- 17
"ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!
- 18
სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- 19
აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.
- 20
რომელმაც ნიშნები და სასწაულები მოახდინა ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენს ისრაელში და ადამიანთა შორის; და სახელი მოიხვეჭე, დღეს რომ გაქვს.
- 21
შენი ერი, ისრაელი, შენ გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშისზარით.
- 22
და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელზეც მათ მამებს შეჰფიცე, რომ მისცემდი; ქვეყანა, რომელშიც რძე და თაფლი მოედინება.
- 23
მოვიდნენ და დაიმკვიდრეს იგი, მაგრამ არ დაემორჩილნენ შენს ხმას, შენი რჯულით არ იარეს, შენი ბრძანებები არ შეასრულეს. ამიტომ მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება.
- 24
აჰა, მიწაყრილები წამოიმართა ქალაქთან მის დასაპყრობად; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით აკლებული ქალაქი ხელში უვარდებათ ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას; სრულდება შენი ნათქვამი. აჰა, შენც ხედავ ამას.
- 25
მაინც მითხარი, უფალო ღმერთო: ვერცხლით იყიდე მინდორი და მოწმეებს დაუძახეო. ქალაქი კი ქალდეველებს უვარდებათ ხელში”.
- 26
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
- 27
"აჰა, მე ვარ უფალი, ყველა ხორციელის ღმერთი. განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?
- 28
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს; ის აიღებს მას.
- 29
ქალდეველები, ქალაქს რომ უტევენ, შემოიჭრებიან და ცეცხლს მისცემენ, სახლებიანად გადასწვავენ მას, რომელთა ბანებზეც ბაყალს უკმევდნენ და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს ჩემს გასარისხებლად.
- 30
რადგან სიყმაწვილიდანვე მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელისა და იუდას ძენი, მხოლოდ მარისხებდნენ ისრაელის ძენი თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი.
- 31
რადგან ჩემს რისხვად და ჩემს გულისწყრომად იყო ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე; თავიდან მოვიშორებ
- 32
ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, ჩემს განსარისხებლად რომ სჩადიოდნენ მათი მეფენი, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, იუდას კაცები და იერუსალიმის მცხოვრებნი.
- 33
ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
- 34
თავიანთ სისაძაგლეებს იმ სახლში დგამდნენ, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შეებილწათ იგი.
- 35
ბაყალის მაღლობებს აშენებდნენ ბენ-ჰინომის ჭალაში, რათა ცეცხლში გაეტარებინათ მოლოქისთვის საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, რომ ასეთი სისაძაგლე გაეკეთებინათ და ცოდვაში შეეყვანათ იუდა”.
- 36
ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირის გამო გადაეცა ხელში ბაბილონის მეფესო!
- 37
"აჰა, მე შევკრებ მათ ყოველი ქვეყნიდან, რომლებშიც ჩემი რისხვით, გულისწყრომითა და დიდი მრისხანებით გავაძევე ისინი, დავაბრუნებ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ დავასახლებ.
- 38
ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები.
- 39
ერთ გულს და ერთ გზას მივცემ მათ, რომ თავიანთ სასიკეთოდ და მათ შემდგომ, თავიანთი შვილების სასიკეთოდ, მუდამ ეშინოდეთ ჩემი.
- 40
სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.
- 41
მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
- 42
რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა იმ სიკეთეს, რასაც დავპირდი.
- 43
მინდვრებს კვლავ იყიდიან ამ ქვეყანაში, რომელზეც ამბობთ, გაუკაცრიელდა, კაცისა და მხეცის გარეშე დარჩა, ქალდეველებს ჩაუვარდათ ხელშიო.
- 44
ვერცხლით იყიდიან კაცები მინდვრებს, ნასყიდობის წერილებს დაწერენ, დაბეჭდავენ და მოწმეებს დაუძახებენ ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში, რადგან მე აღვუდგენ მათ ქონებას”, - ამბობს უფალი.