ესაია 52
- 1
გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური.
- 2
ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო!
- 3
რადგან ასე ამბობს უფალი: "მუქთად გაიყიდეთ და ვერცხლის გარეშე გამოისყიდებით”.
- 4
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ერთ დროს, ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ხალხი საცხოვრებლად, აშური კი უმიზეზოდ ჩაგრავდა მას.
- 5
ახლა კი, რა დამრჩენია აქ? - ამბობს უფალი - მუქთად არის ჩემი ერი წაყვანილი, გმინავენ მისი მთავრები, ამბობს უფალი, გამუდმებით, ყოველდღიურად იგმობა ჩემი სახელი.
- 6
ამიტომ შეიცნობს ჩემი ხალხი ჩემს სახელს; ამიტომ, იმ დღეს შეიცნობს, რომ მე ვარ ის, რომელიც ამბობს - "აჰა, აქ ვარ!”
- 7
რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: "გამეფდა შენი ღმერთი!”
- 8
ისმინე! შენმა გუშაგებმა ხმა აიმაღლეს, ერთად ყიჟინებენ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში.
- 9
აყიჟინდით, ერთად შემოსძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი.
- 10
გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
- 11
გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო.
- 12
მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან, მცველად.
- 13
აჰა, წარმატებული იქნება ჩემი მსახური; ამაღლდება, აიწევა და დიდად აღზევდება.
- 14
მრავალი განცვიფრდა მისი შემხედვარე, რადგან არავინ იყო მასზე მეტად დამახინჯებული კაცთა შორის, მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა.
- 15
ასე განაცვიფრებს იგი ბევრ ხალხს, მის გამო პირს მოკუმავენ მეფენი, რადგან ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება.