ესაია 51
- 1
"მომისმინეთ, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც გამოიკვეთეთ და ორმოს ღრმულს, საიდანაც ამოითხარეთ.
- 2
შეხედეთ აბრაჰამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს; ვინაიდან მარტო იყო, როცა მოვუხმე, ვაკურთხე და გავამრავლე.
- 3
რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს - უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
- 4
ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.
- 5
ახლოსაა ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, ჩემი მკლავი გაასამართლებს ხალხებს, მე მენდობიან ზღვისპირელნი და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან.
- 6
ზეცას მიაპყრეთ თვალები და დაბლა მიწას დახედეთ; კვამლივით გაიფანტება ზეცა, ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა; დაიღუპებიან მასზე მცხოვრებნიც, ჩემმიერი ხსნა კი საუკუნოდ იქნება და სიმართლე ჩემი არ გადაივლის.
- 7
მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი რჯული; ნუ გაშინებთ შერცხვენა ადამიანთაგან და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ.
- 8
ვინაიდან ტანსაცმელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება და ჩემმიერი ხსნა - თაობიდან თაობაში.
- 9
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, მკლავო უფლისა, გაიღვიძე, როგორც ძველ დროს, უძველეს თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი და განგმირე ზღვის ურჩხული?
- 10
განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიადი უფსკრულის წყლები, გზად აქციე ზღვის სიღრმენი, რათა გაღმა გასულიყვნენ გამოხსნილნი?
- 11
დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, სიმღერით მოვლენ სიონში და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს, ლხინსა და სიხარულს დაიმკვიდრებენ ისინი, მოშორდებათ დარდი და ოხვრა.
- 12
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
- 13
დაგვიწყებია უფალი, შენი გამჩენი, რომელმაც ცა გადაჭიმა და დედამიწა დააფუძნა. გამუდმებით გეშინია მჩაგვრელის რისხვისა, როდესაც განადგურებას გეგმავს. თუმცა სადაა მჩაგვრელის რისხვა?
- 14
მალე გათავისუფლდება ტყვე, არ მოკვდება ორმოში, პური არ მოაკლდება.
- 15
მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვას რომ აღელვებს და ააღრიალებს მის ტალღებს - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- 16
ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა ცანი დამეფუძნებინა, დედამიწა დამეარსებინა და მეთქვა სიონისთვის: "ჩემი ხალხი ხარ შენ!”
- 17
გამოფხიზლდი, გამოფხიზლდი, აღსდექ იერუსალიმო, შენ, რომელმაც უფლის ხელიდან შესვი მისი მრისხანების თასი; ბოლო წვეთამდე დალიე საწამლავგარეული ფიალა.
- 18
არავინ იყო რომ გაძღოლოდა მას მის მიერ ნაშობ ძეთაგან და არავინ იყო იერუსალიმის ხელის დამჭერი, მის მიერ გაზრდილ ძეთაგან.
- 19
ეს ორი უბედურება გეწია - ვინ შეგიბრალებს? ძარცვა და გაცამტვერება, შიმშილი და მახვილი. ვინ განუგეშებს?
- 20
შენი ძეები დაუძლურდნენ, ყველანი ქუჩის თავში განრთხმულან, მახეში გაბმული ხარირემივით; სავსენი არიან უფლის მრისხანებით, შენი ღმერთის საყვედურით.
- 21
ამიტომ შეისმინე, გთხოვ, ჩაგრულო; მთვრალო, მაგრამ არა ღვინით!
- 22
ასე თქვა შენმა ბატონმა, უფალმა და შენმა ღმერთმა, რომელიც გამოესარჩლება თავის ხალხს; აჰა, მე გამოგართვი საწამლავგარეული თასი ხელიდან, ნარჩენი ჩემი მრისხანების თასისა - მეტად აღარ შესვამ მას.
- 23
შენს მტანჯველებს ჩავუდებ ხელში, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: "დაემხე, რომ გადაგიაროთ!” და შენც მიწად და ქუჩად აქციე შენი ზურგი გამვლელთათვის”.