ესაია 43
- 1
ახლა კი ასე ამბობს უფალი - შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: "ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
- 2
ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.
- 3
ვინაიდან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა და თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ეთიოპია და შება - თქვენს სანაცვლოდ.
- 4
რადგან ძვირფასნი ხართ ჩემს თვალში და ღირსეულნი, მე შეგიყვარეთ თქვენ! ამიტომ სხვა ადამიანებს მივცემ თქვენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს - თქვენი სიცოცხლისთვის.
- 5
ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ.
- 6
ჩრდილოეთს ვეტყვი: მიეცი! სამხრეთს: ნუ დააკავებ! მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი - ქვეყნის კიდიდან.
- 7
ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!”
- 8
გამოიყვანე ხალხი, თვალები რომ აქვთ, თუმცა ბრმანი არიან და ყურები რომ აქვთ, თუმცა ყრუნი არიან.
- 9
ყველა ერი შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; ვის ძალუძს მათგან ეს გამოგვიცხადოს და გვაუწყოს გარდასული? მოიყვანონ მოწმეები, რომ გამართლდნენ; დაე, მოისმინონ და თქვან: "ჭეშმარიტია!”
- 10
თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი, და ჩემი მსახურნი, რომელნიც ავირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ! არც ჩემამდე არსებობდა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება!
- 11
მე და მხოლოდ მე ვარ უფალი და ჩემს გარდა მხსნელი არავინაა!
- 12
მე ვთქვი და გიხსენით და გამოგიცხადეთ, უცხო ღმერთი არ ყოფილა თქვენ შორის. ამიტომაც თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი: და მე ღმერთი ვარ.
- 13
უძველესი დროიდან იგივე ვარ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა; მოვიმოქმედებ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?”
- 14
ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: "თქვენი გულისთვის გავგზავნი ბაბილონში, დავამხობ ყველა სიმაგრეს და ქალდეველებს - თავიანთ საამაყო გემებზე.
- 15
მე უფალი ვარ თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.
- 16
ასე ამბობს უფალი, მომცემი ზღვაში გზისა და დიდ წყალში - ბილიკისა,
- 17
გამომყვანი ეტლისა და ცხენისა, ლაშქრისა და ვაჟკაცისა; ერთად განერთხნენ ისინი, ვეღარ ადგნენ, დაიშრიტნენ და ჩაქრნენ პატრუქივით.
- 18
ნუ გაიხსენებთ წარსულს, გასულ დღეებზე ნუ იფიქრებთ.
- 19
აჰა, მე ვქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოში გზას გავიყვან, ხრიოკზე მდინარეებს ვადენ.
- 20
განმადიდებენ მინდვრის მხეცები, ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი მივეცი უდაბნოს, ხრიოკს - მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ხალხს, ჩემს რჩეულთ.
- 21
ხალხი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, ჩემს დიდებას გამოაცხადებს,
- 22
მაგრამ არ მომიხმე, იაკობ, რადგან დაიქანცე ჩემით, ისრაელ!
- 23
არც სრულადდასაწველი კრავი მოგიყვანია ჩემთვის, არ მომაგებდი პატივს შენი მსხვერპლით, არც ძღვენით და არც გუნდრუკით.
- 24
არც ლერწმის სურნელებანი გიყიდია ფულით და არც შენი მსხვერპლების ქონით მანებივრებდი, თუმცა შენი ცოდვებით მამძიმებდი და შენი ურჯულოებით მქანცავდი.
- 25
მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
- 26
გამახსენე და ერთად განვსაჯოთ; შენ მოყევი, რათა გამართლდე.
- 27
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამდგომლები ამიჯანყდნენ.
- 28
სამაგიეროდ, დავამდაბლე საწმიდრის გამგებელნი, დასაკლავად მივეცი იაკობი და სალანძღად - ისრაელი.