ესაია 42
- 1
"აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული - სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.
- 2
არც იყვირებს და არც ხმას აიმაღლებს, არ გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
- 3
დაზიანებულ ლერწს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ერთგულებით აღასრულებს სამართალს.
- 4
არ შედრკება და არ გატყდება, ვიდრე სამართალს არ დაამკვიდრებს ქვეყნად. მისი რჯულის მოლოდინში არიან ზღვისპირელნი.
- 5
ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და გადამჭიმველი, განმრცობი დედამიწისა მისი ნაყოფებითურთ, ვინც სუნთქვას აძლევს მასზე მცხოვრებ ხალხს და სულს - მასზე მავალთ:
- 6
"მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელი ჩაგჭიდე და თვალს გადევნებ, აღთქმად დაგადგენ ხალხებისთვის და სინათლედ - ერებისთვის.
- 7
ბრმათა თვალების ასახელად, საპყრობილედან ტყვეთა გამოსაყვანად და ბნელში მსხდომთა გასათავისუფლებლად”.
- 8
"მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას - გამოკვეთილ კერპებს.
- 9
აჰა, აღსრულდა პირვანდელი, ახლა კი ახალს განგიცხადებთ: მე გაუწყებთ, ვიდრე აღმოცენდება”.
- 10
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ხოტბა შეასხით მას ქვეყნის კიდეებიდან, ვინც ზღვაში ნაოსნობთ და ყველამ, რაც მასშია - კუნძულებო და მათზე მცხოვრებნო.
- 11
ხმა აიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, ხმამაღლა იგალობონ სელაყის მცხოვრებლებმა და იყიჟინონ მთათა მწვერვალებიდან,
- 12
დიდება მიაგონ უფალს და მისი ქება აუწყონ ზღვისპირეთში.
- 13
მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.
- 14
დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
- 15
გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს, მთელ მათ სიმწვანეს გადავახმობ, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ, ტბებს ამოვაშრობ.
- 16
ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
- 17
უკან დაიხევენ და დიდად შერცხვებათ კერპებზე დაიმედებულებს, ჩამოსხმულ გამოსახულებებს რომ ეუბნებიან, ჩვენი ღმერთები ხართო.
- 18
ისმინეთ ყრუებო და შეხედეთ ბრმებო, რომ დაინახოთ.
- 19
ვინ არის ჩემი ხალხივით, ჩემი მსახურივით ბრმა და ყრუ - ჩემი მაცნესავით, მე რომ წარვგზავნე? ვინ არის ბრმა მსგავსად ჩემი სრულქმნილისა და ბრმა მსგავსად უფლის მსახურისა?
- 20
ბევრი გინახავთ, მაგრამ არ იცავთ, ყურები ღია გაქვთ, მაგრამ არცერთს არ გესმით.
- 21
თავისი სიმართლის გამო ინება უფალმა რჯულის განდიდება და მისთვის პატივის მიგება.
- 22
მაგრამ გაძარცული და დარბეული ხალხია ისრაელი, მღვიმეებში გამომწყვდეულან და საპყრობილეებში გამოკეტილან; ნადავლად იქცნენ და მშველელი არა ჰყავთ, იტაცებენ და არავინ ამბობს - დააბრუნეთო!
- 23
ყურს ვინ მიაპყრობს, რომ გაიგოს და ისმინოს მომავალზე?
- 24
იაკობი ვინ ჩაუგდო ხელში ყაჩაღებს და ისრაელი - მძარცველებს? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? არ ვისურვეთ მისი გზებით სიარული და მისი რჯული არ შევისმინეთ.
- 25
გადმოღვარა თავისი გულისწყრომის ცეცხლი და ომის სისასტიკე. ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ, მაგრამ ვერ მიხვდა, სწვავდა მას და გულს მაინც ვერ უდებდა.