ესაია 38
- 1
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: "ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”
- 2
კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს;
- 3
ამბობდა: "გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
- 4
და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა:
- 5
"წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: "შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
- 6
დაგიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს და დავიცავ ამ ქალაქს”.
- 7
ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ შეასრულებს უფალი სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა:
- 8
"აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.
- 9
ხიზკიაჰუს, იუდას მეფის წერილი, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან.
- 10
ვთქვი: "ჩემი ცხოვრების შუაძალს შავეთის კარიბჭეში შევდივარ; წამერთვა დარჩენილი წლები”.
- 11
ვთქვი: "ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის.
- 12
მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.
- 13
დილამდე ველოდი, ლომივით შემიმუსრა ყველა ძვალი, დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი;
- 14
როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;
- 15
რა ვთქვა? მითხრა და თვითონვე აღასრულა; ვიხეტიალებ მთელი წლები სულის სიმწარეში.
- 16
უფალო! ამით ცოცხლობენ ადამიანები და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე; გამაჯანსაღე და გამაცოცხლე.
- 17
აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
- 18
რადგან საფლავი ვერ შეგაქებს, სიკვდილი ვერ შეგასხამს ხოტბას და საფლავში ჩამავალნი ვერ დაიმედდებიან შენს ერთგულებაზე.
- 19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
- 20
უსათუოდ გადამარჩენს უფალი და ჩვენც ავაჟღერებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში”.
- 21
თქვა ესაიამ: "მოუტანეთ ლეღვის კვერი, დაადეთ წყლულზე და იცოცხლებს”.
- 22
თქვა ხიზკიაჰუმ: "რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?”