ესაია 37
- 1
მოისმინა თუ არა ეს მეფე ხიზკიაჰუმ, შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
- 2
გაგზავნა ელიაკიმი, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა მწერალი და მღვდელთაგან უხუცესნი - ყველანი ჯვალოთი შემოსილნი - წინასწარმეტყველ ესაია ამოცის ძესთან.
- 3
უთხრეს მას, ასე ამბობსო ხიზკიაჰუ: უბედურების, მხილებისა და უარყოფის დღეა ეს დღე, რადგან მოადგნენ ყრმები საშოს კარს, მაგრამ შობისთვის ძალა არ არის.
- 4
იქნებ ისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, შემოთვალა, რათა გაელანძღა ცოცხალი ღმერთი; იქნებ შერისხოს იმ სიტყვათა გამო, რომელიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილი ნატამალისთვის.
- 5
და შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუს წარგზავნილნი ესაიასთან.
- 6
მიუგო მათ ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, შენ რომ მოისმინე, რითაც მგმობდნენ აშურის მეფის მსახურნი.
- 7
აჰა, სულს ჩავუდებ, ამბავს გაიგებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში; მახვილით დავცემ მისივე ქვეყანაში”.
- 8
გაბრუნდა რაბშაკე და ლიბნასთან მებრძოლი ჰპოვა აშურის მეფე, რადგან გაგებული ჰქონდა ლაქიში დატოვაო.
- 9
თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზეც ესმა, უთხრეს: შენთან საბრძოლველად გამოვიდაო. ეს რომ გაიგო, მაცნენი გაუგზავნა ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით:
- 10
ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: "ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომელზეც დაიმედებულხარ - არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
- 11
აჰა, გსმენია, რაც აშურის მეფეებმა მოაწიეს ყველა ქვეყანას, როგორ დაამხეს ისინი. შენ როგორ გადარჩები?
- 12
განა გადაარჩინეს ისინი იმ ხალხთა ღმერთებმა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? გოზანი და ხარანი, რეცეფი და ძენი ედენისა, თელასარში რომ იყვნენ?
- 13
სად არიან ხამათისა და არფადის მეფეები? ან სეფარვაიმის, ჰენასა და ავას მეფენი?”
- 14
მიიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეებისგან, წაიკითხა, ავიდა უფლის ტაძარში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
- 15
ევედრებოდა ხიზკიაჰუ უფალს და ამბობდა:
- 16
"ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე! შენ, მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა.
- 17
მოაპყარ ყური, უფალო და მოისმინე. გაახილე თვალი, უფალო და დაინახე სანხერიბის სიტყვა, ცოცხალი ღმერთის სალანძღად რომ გამოგზავნა.
- 18
მართალია, უფალო, აშურის მეფეებმა გაატიალეს ყველა ქვეყანა და მათი მიწები.
- 19
ცეცხლში ყრიდნენ მათ ღმერთებს, რადგან ღმერთები არ იყვნენ ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, ამიტომ მოსპეს კიდეც ისინი.
- 20
ახლა კი უფალო, ღმერთო ჩვენო, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა შეიტყოს ქვეყნის ყველა სამეფომ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი”.
- 21
გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმის პასუხად, რასაც სანხერიბზე, აშურის მეფეზე ევედრებოდი.
- 22
ესაა სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: "აბუჩად აიგდო, დასცინა ქალწულს, სიონის ასულს! თავს იქნევდა იერუსალიმის ასულის უკან.
- 23
ვის ძრახავდი და ვის ლანძღავდი? ვისზე აიმაღლე ხმა და ვის დაადგი თვალი? ისრაელის წმიდას!
- 24
შენი მონების პირით ძრახავდი უფალს და ამბობდი, მთათა სიმაღლეზე ავედი ჩემი მრავალი ეტლით, ლიბანის კალთებზე; გავჩეხავ მის მაღალ კედრებს, მის ნარჩევ კვიპაროსებს და მივაღწევ მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე.
- 25
მე ამოვთხარე და დავლიე წყლები, ჩემი ფეხის ტერფებით ამოვაშრობ ეგვიპტის ყველა მდინარეს.
- 26
არ გსმენია განა, შორეულ წარსულში რომ გავაკეთე მე ეს? უძველეს დროში განვიზრახე და ახლა მოვაწიე, რათა ნანგრევების გროვად გექცეს გამაგრებული ქალაქები.
- 27
ხელმოკლენი იყვნენ მისი მცხოვრებნი - გაწბილებულნი და შერცხვენილნი. ველის მცენარეებივით გახდნენ - მწვანე მოლივით და ერდოს ბალახივით, თავთავის გაკეთებამდე გათელილი ჯეჯილივით.
- 28
ვიცოდი შენი დაჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა; შენი რისხვა ჩემს წინააღმდეგ.
- 29
რადგან შენი მრისხანება ამაღლდა ჩემს წინაშე და შენი ამპარტავნება მოსწვდა ჩემს ყურს, კაუჭს გაგიყრი ნესტოებში და აღვირს ამოგდებ პირში და იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოსულხარ.
- 30
ხიზკიაჰუ, ეს იქნება შენთვის ნიშანი: ჭამეთ ამ წელს ნაგერალი ხორბალი, მეორე წელს - თვითნაბადი, მესამე წელს დათესეთ და მომკეთ, ჩაყარეთ ვენახები და ჭამეთ ნაყოფი.
- 31
გადარჩენილნი იუდას სახლიდან და თავდაღწეულნი კვლავ გაიდგამენ ფესვს დაბლა და გამოიღებენ ნაყოფს მაღლა.
- 32
გამოვა იერუსალიმიდან ნატამალი და გადარჩენილნი - სიონის მთიდან”. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა მოიმოქმედებს ამას.
- 33
ამიტომ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ ამოვა ამ ქალაქში, ვერ ისვრის აქ ისარს, ვერ მიადგება მას ფარით და ვერ აღუმართავს მიწაყრილს.
- 34
რომლითაც მოვიდა, იმავე გზით გაბრუნდება და არ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
- 35
მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის დავითისთვის.
- 36
გამოვიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი; ადგნენ დილით და ნახეს, რომ გაცივებული გვამები ეყარა.
- 37
გაბრუნდა და წავიდა სანხერიბი, აშურის მეფე; და ცხოვრობდა ნინევეში.
- 38
ერთხელ, როცა ნისროქს, თავის ღმერთს სცემდა თაყვანს მის სახლში, ადრამელეხმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა დასცეს იგი მახვილით და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.