ესაია 16
- 1
კრავი გაუგზავნეთ ქვეყნის მთავარს, სელაყიდან უდაბნოს გავლით, სიონის ასულის მთაზე.
- 2
ბუდემოშლილი, გზააბნეული ფრინველის მსგავსად იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებზე.
- 3
მოგვეცი რჩევა, აღასრულე სამართალი, მწუხრივით გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, შეიფარე განდევნილები, გაქცეულს ნუ გასცემ.
- 4
შეიფარე განდევნილი მოაბელნი გამტიალებლის სახისგან, სანამ არ გაქრება მწვალებელი, სანამ არ შეწყდება ძარცვა და არ მოისპობა ქვეყნიდან მჩაგვრელი.
- 5
წყალობით განმტკიცდება ტახტი და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარვის მსაჯული; სამართალს მოიძიებს და სიმართლეს აღასრულებს.
- 6
გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა - ფუჭია მისი ტრაბახი.
- 7
ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.
- 8
ვინაიდან გადაჭკნა ხეშბონის მინდვრები, სიბმას ვენახები, ხალხთა ბატონებმა გათელეს მისი რჩეული ვაზები, იაყზერს რომ სწვდებოდა, უდაბნოში რომ იშლებოდა, იფურჩქნებოდა და ზღვაზე რომ გადადიოდა.
- 9
ამიტომ მწარედ მოვთქვამ იაყზერზე, სიბმას ვაზზე; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს, რადგან შეწყდა მოძახილი შენი ზაფხულის ნაყოფსა და მოსავალზე.
- 10
წართმეული აქვს მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მინდვრებს, აღარ იქნება ვენახებში სიმღერა და მხიარული მოძახილი, აღარ დაწურავს საწნახელში ღვინოს დამწურველი, შეწყდა ჟრიამული.
- 11
ამიტომაც ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შინაგანი - კირ-ხერესზე.
- 12
და იქნება: როცა წარსდგება მოაბი, რადგან მოიქანცება თავის მაღლობებზე და შევა თავის საწმიდარში სალოცად, ეს ვეღარ უშველის.
- 13
ეს არის სიტყვა, რომელიც იმ დროს თქვა უფალმა მოაბზე.
- 14
ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: "სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.