მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ესაია 15

  1. 1

    განაჩენი მოაბისა: მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის ყარი და განადგურდა; მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის კირი და განადგურდა.

  2. 2

    ტაძარს ავიდნენ ისინი და დიბონს, მაღლობებზე - სატირლად; ნებოსა და მედებაზე მოსთქვამს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული და წვერი - გაკრეჭილი;

  3. 3

    ქუჩებში ჯვალოთი შემოსილან, ყველა ქვითინებს ბანებსა და მოედნებზე, ცრემლებად იღვრებიან.

  4. 4

    ხეშბონი და ელყალეც მოსთქვამს, იაჰაზაში ესმით მათი ხმა; ამის გამოა რომ მოაბის მებრძოლებიც დასჭყივლებენ საბრძოლოს, თრთის მისი სული.

  5. 5

    კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.

  6. 6

    რადგან დაშრა ნიმრიმის წყლები, დიახ, გახმა ბალახი, გაქრა მოლი, აღარ დარჩა სიმწვანე.

  7. 7

    ამიტომ წაიღეს დაგროვილი სიმდიდრე და გადანახული ტირიფთა ხევის გაღმა გადააქვთ.

  8. 8

    რადგან მოთქმამ მოიცვა მოაბის საზღვრები, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ყელიმამდე - მისი გოდება.

  9. 9

    სისხლით აივსო დიმონის წყლები, მაგრამ ამასაც არ ვაკმარებ დიმონს და ლომებს შევუსევ მოაბიდან გამოქცეულებს და ქვეყანაზე დარჩენილ ნატამალს.