ქებათა-ქება 7
- 1
მობრუნდი, მობრუნდი სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რათა ხელახლა გიხილოთ! რად უნდა უცქიროთ სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხულს?
- 2
როგორ დაამშვენეს შენი ტერფები სანდლებმა, დიდებულთა ასულო, ოსტატის ნახელავი სამკაულივითაა შენი თეძოების სიმრგვალე.
- 3
შენი ჭიპი მრგვალი თასია, რომელსაც არ მოჰკლებია შეზავებული ღვინო; შენი მუცელი ხორბლის ხვავია შროშანებით გარშემორტყმული.
- 4
შენი მკერდი - ორი ნუკრი, ტყუპი ქურციკი.
- 5
შენი ყელი კოშკია სპილოს ძვლისა, თვალები ხეშბონის აუზებია ბათ-რაბიმის ბჭესთან, ცხვირი კოშკია ლიბანისა, დამასკოსკენ მიმართული!
- 6
ქარმელივით გამშვენებს თავი შენი; ნაწნავნი შენს თავზე, როგორც ძოწეული, მოხიბლეს მეფე შენმა კულულებმა.
- 7
რა მშვენიერი და საწადელი ხარ, საყვარელო და სანატრელო, შენი სიტკბოებით
- 8
ფინიკივით აშოლტილო, მტევნებს მიგიგავს მკერდი!
- 9
ვთქვი, ავცოცდები-მეთქი ფინიკზე, მოვეჭიდები მის კუნწულებს; დაე, ვაზის მტევნებივით იყოს შენი მკერდი და ვაშლის სურნელივით - შენი ამონასუნთქი.
- 10
ბაგე შენი, საუკეთესო ღვინოა; ლაღად რომ მირაკრაკებს ჩემი მიჯნურისთვის, ბაგეთა დამატკბობელი!
- 11
მე ჩემს მიჯნურს ვეკუთვნი და ჩემსკენაა წადილი მისი.
- 12
მოდი, ჩემო მიჯნურო, ველად გავიდეთ, სოფლებში გავითენოთ.
- 13
ადრიანად გავიდეთ ვენახებში, ვნახოთ, თუ იფეთქა ვაზმა, კვირტი თუ გაიფურჩქნა, თუ აყვავდა ბროწეული. ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნი!
- 14
სურნელება მოაფრქვიეს მანდრაგორებმა, რჩეული ხილია ჩვენს ზღურბლთან, ახალიც და ძველიც - შენთვის შევინახე ჩემო მიჯნურო!