ქებათა-ქება 6
- 1
სად წავიდა შენი მიჯნური, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით გაუხვია შენმა მიჯნურმა, რომ ერთად მოვძებნოთ?
- 2
თავის ბაღში ჩავიდა ჩემი მიჯნური, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყემსად და შროშანთა საკრეფად.
- 3
მე ჩემს მიჯნურს ვეკუთვნი და ჩემი მიჯნური მე მეკუთვნის; შროშანთა შორის მწყემსავს იგი!
- 4
თირცასავით ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ, იერუსალიმივით მშვენიერი და ბაირაღებშემართული ჯარივით დიდებული!
- 5
მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მაფორიაქებენ! შენი თმები გილყადის მთიდან დაშვებული თხის არვეა!
- 6
შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.
- 7
შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
- 8
სამოცი დედოფალია იქ, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული,
- 9
მაგრამ ის ერთადერთია, ჩემი მტრედი, უნაკლო ჩემი. მხოლოდშობილია იგი დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისთვის. იხილეს ქალწულებმა და კურთხეულად შერაცხეს, დედოფლებმა და ხარჭებმა შეაქეს იგი.
- 10
ვინ არის ის, ცისკარივით რომ ამობრწყინდება, მთვარესავით მშვენიერი, მზესავით ნათელი და ბაირაღებშემართული ჯარივით დიდებული?
- 11
კაკლიანში ჩავედი მწვანე ჭალების სანახავად; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
- 12
ვიდრე მივხვდებოდი, ჩემმა სულმა, ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლზე დამსვა!