ფსალმუნები 93
- 1
ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
- 2
ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.
- 3
ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?
- 4
ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.
- 5
შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.
- 6
ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.
- 7
ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.
- 8
გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?
- 9
დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?
- 10
ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?
- 11
უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.
- 12
ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.
- 13
რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.
- 14
რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.
- 15
რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.
- 16
ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?
- 17
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.
- 18
თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
- 19
როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.
- 20
ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?
- 21
გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.
- 22
იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.
- 23
მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.