ფსალმუნები 82
- 1
გალობა ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო!
- 2
რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
- 3
შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
- 4
თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
- 5
მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
- 6
ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
- 7
გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
- 8
აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
- 9
დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;
- 10
განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
- 11
მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
- 12
რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი უფლისა.
- 13
ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში.
- 14
ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი,
- 15
ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
- 16
აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, უფალო.
- 17
შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
- 18
მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.