ფსალმუნები 79
- 1
გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
- 2
ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.
- 3
ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
- 4
უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
- 5
აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
- 6
დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
- 7
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
- 8
ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
- 9
გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.
- 10
მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.
- 11
ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
- 12
რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?
- 13
ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.
- 14
ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
- 15
გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
- 16
დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
- 17
იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
- 18
და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
- 19
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.