ფსალმუნები 76
- 1
გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.
- 2
ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
- 3
გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
- 4
თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
- 5
ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
- 6
გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
- 7
ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
- 8
ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?
- 9
ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
- 10
და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
- 11
გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
- 12
ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
- 13
ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
- 14
შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
- 15
შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.
- 16
გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
- 17
გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.
- 18
შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
- 19
ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
- 20
უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.