ფსალმუნები 65
- 1
გუნდის ლოტბარს. გალობა -ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
- 2
უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
- 3
უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
- 4
მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
- 5
მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
- 6
გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
- 7
გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.
- 8
ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
- 9
შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
- 10
რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
- 11
მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
- 12
შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
- 13
მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
- 14
რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
- 15
მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
- 16
მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
- 17
მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
- 18
სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
- 19
ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
- 20
კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.