ფსალმუნები 27
- 1
დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
- 2
ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.
- 3
ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.
- 4
მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ.
- 5
რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.
- 6
კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა.
- 7
უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
- 8
უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.
- 9
ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე.