ფსალმუნები 26
- 1
დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
- 2
თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
- 3
თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
- 4
ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- 5
რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.
- 6
და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.
- 7
ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
- 8
შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
- 9
ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
- 10
რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.
- 11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
- 12
ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,
- 13
რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.
- 14
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.