ფსალმუნები 20
- 1
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
- 2
შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
- 3
რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
- 4
სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
- 5
დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
- 6
შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.
- 7
რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
- 8
შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
- 9
ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
- 10
შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
- 11
რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
- 12
ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
- 13
ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.