ფსალმუნები 2
- 1
რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
- 2
ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
- 3
დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
- 4
მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
- 5
მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს:
- 6
მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
- 7
გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
- 8
მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
- 9
შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
- 10
ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
- 11
ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
- 12
ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.