ფსალმუნები 17
- 1
გუნდისლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა,რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს,როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
- 2
და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
- 3
უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
- 4
ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
- 5
გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
- 6
შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
- 7
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
- 8
შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
- 9
აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
- 10
დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
- 11
ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
- 12
წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
- 13
მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
- 14
და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
- 15
გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.
- 16
და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
- 17
გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
- 18
დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
- 19
აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
- 20
გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
- 21
მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
- 22
ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
- 23
ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
- 24
უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
- 25
და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
- 26
გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
- 27
ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
- 28
რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
- 29
ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
- 30
შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
- 31
უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
- 32
რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
- 33
ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
- 34
ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
- 35
ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
- 36
მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
- 37
გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
- 38
დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.
- 39
დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ განირთხმებიან.
- 40
და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
- 41
ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.
- 42
იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ უპასუხებს.
- 43
გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
- 44
მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
- 45
ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
- 46
უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
- 47
უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
- 48
ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
- 49
ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
- 50
ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.