ფსალმუნები 16
- 1
ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
- 2
შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.
- 3
შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
- 4
ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
- 5
გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
- 6
მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
- 7
გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.
- 8
შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
- 9
ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
- 10
ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
- 11
ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ.
- 12
ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.
- 13
აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.
- 14
იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
- 15
მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.