ფსალმუნები 144
- 1
ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- 2
ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- 3
დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.
- 4
თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
- 5
შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
- 6
შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.
- 7
ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.
- 8
გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
- 9
კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
- 10
გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
- 11
შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.
- 12
რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
- 13
შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.
- 14
უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.
- 15
ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
- 16
აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
- 17
მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
- 18
ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
- 19
მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.
- 20
იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
- 21
ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.