ფსალმუნები 143
- 1
დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.
- 2
მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
- 3
უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?
- 4
ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.
- 5
უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.
- 6
გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.
- 7
გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.
- 8
რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
- 9
ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.
- 10
რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.
- 11
მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
- 12
რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.
- 13
ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.
- 14
ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში.
- 15
ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი.