ფსალმუნები 139
- 1
გუნდის ლოტბარს,ფსალმუნი დავითისა. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.
- 2
რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.
- 3
მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.
- 4
დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.
- 5
გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
- 6
ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.
- 7
უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.
- 8
ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.
- 9
თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
- 10
დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
- 11
ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
- 12
ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
- 13
ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.