ფსალმუნები 138
- 1
გუნდის ლოტბარისათვის. დავითისფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
- 2
შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
- 3
ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.
- 4
თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.
- 5
უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.
- 6
უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
- 7
საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
- 8
ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
- 9
ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
- 10
იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.
- 11
და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
- 12
სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.
- 13
რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.
- 14
გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.
- 15
არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.
- 16
ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.
- 17
ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.
- 18
დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.
- 19
ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
- 20
რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.
- 21
ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
- 22
სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.
- 23
გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
- 24
ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.