ფსალმუნები 131
- 1
გალობა აღსავალთა.
- 2
გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.
- 3
როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე.
- 4
თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,
- 5
ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.
- 6
აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
- 7
მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
- 8
აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
- 9
შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.
- 10
შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
- 11
შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
- 12
თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
- 13
რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
- 14
„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
- 15
საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
- 16
მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.
- 17
იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.
- 18
მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“.