ფსალმუნები 13
- 1
ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
- 2
უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
- 3
ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
- 4
ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
- 5
იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
- 6
თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
- 7
ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.