ფსალმუნები 121
- 1
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
- 2
იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
- 3
იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.
- 4
რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
- 5
რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
- 6
ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
- 7
იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
- 8
ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!
- 9
ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.