ფსალმუნები 11
- 1
დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
- 2
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
- 3
ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
- 4
მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
- 5
რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
- 6
ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
- 7
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
- 8
უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.