იობი 37
- 1
„ესეც აძრწუნებს ჩემს გულს, ლამის ამომივარდეს საგულედან.
- 2
გულისყურით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან რომ გამოდის.
- 3
მთელ ცის ქვეშეთში აგზავნის მას და ელვა მისი დედამიწის კიდეებს სწვდება;
- 4
ელვას თან მოსდევს მისი ხმის გრგვინვა; ქუხს თავისი დიადი ხმით და არა წყვეტს ელვას, როცა მისი ხმა ისმის.
- 5
გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.
- 6
რადგან ეუბნება თოვლს: დაეფინეო მიწას”, ამასვე უბრძანებს წვიმასა და ძლიერ თავსხმას.
- 7
აჩერებს ყველა ადამიანის ხელს, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს მისი ნამოქმედარი.
- 8
თავშესაფარში გარბიან მხეცები და თავიანთ ბუნაგებში ინაბებიან.
- 9
სამხრეთიდან ქარიშხალი მოდის, ჩრდილოეთიდან - ყინვა.
- 10
ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და მყარდება სიმრავლე წყლისა.
- 11
ტენით ავსებს სქელ ღრუბლებს და მისი ელვით ნათდებიან ისინი.
- 12
მისი ნება-სურვილით მოძრაობენ ღრუბლები, მის ბრძანებას ასრულებენ მთელი დედამიწის ზურგზე.
- 13
ხან არგნით, თავისივე ხალხის საკეთილდღეოდ, ხანაც წყალობისთვის.
- 14
ყური მომაპყარ იობ, აღსდექ და ჩაუკვირდი ღვთის სასწაულებს.
- 15
თუ იცი, როგორ დააფუძნა ისინი, როგორ აცისკროვნებს ღმერთი თავის ღრუბლებს ელვის სინათლით?
- 16
თუ იცი ღრუბელთა განფენილობა, საოცრებანი ცოდნაში უნაკლოსი?
- 17
რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა სამხრეთის ქარში მყუდროვდება ქვეყანა?
- 18
თუ შეძლებ მასთან ერთად ცათა გადაჭიმვას, ჩამოსხმული სარკესავით მტკიცე რომ არის?
- 19
გვასწავლე, რა ვუთხრათ მას, ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელის გამო.
- 20
მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? ვინმე გაბედავს და მოინდომებს მისგან შთანთქმას?
- 21
ახლა არ ჩანს ღრუბლებში მბრწყინავი მნათობი, მაგრამ ჩაუქროლებს ქარი და გაასუფთავებს.
- 22
ჩრდილოეთიდან ბრწყინავს ოქროს ციალი; შიშის მომგვრელია ღვთაებრივი შარავანდედი.
- 23
ვერ მივაგენით ყოვლადძლიერს, ძალაშია ამაღლებული, სიმართლესა და მრავალმოწყალებაში - არავის ჩაგრავს.
- 24
ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს; არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია”.