იობი 36
- 1
განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
- 2
„ცოტა მაცალე და გაიგებ, რომ ჯერ კიდევ არის ღვთის სასარგებლოდ სათქმელი სიტყვები.
- 3
შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და სიმართლეს მივაგებ შემოქმედს,
- 4
რადგან ნამდვილად არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში; რადგან ცოდნაში უნაკლო შენს წინაშეა.
- 5
აჰა, ძლიერია ღმერთი და არავინ სძულს; ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი.
- 6
დიდხანს არ აცოცხლებს ბოროტეულს და სამართალს მიაგებს ჩაგრულთ;
- 7
თვალს არ მოაშორებს მართლებს, აღამაღლებს მათ და მეფეთა ტახტზე დასვამს სამარადისოდ.
- 8
და თუ ვინმეს ბორკილები ადევს ან ტანჯვის საბელით არის შეკრული,
- 9
გამოუცხადებს მათ თავიანთ ნამოქმედარს და დანაშაულს, რადგან გაამაყდნენ ისინი;
- 10
ყურებს გაუხსნის შეგონებისთვის და უბრძანებს, რომ განუდგნენ ბოროტებას.
- 11
თუ გაუგონებენ და ემსახურებიან, კურთხევაში დაასრულებენ დღეებს და წლებს - ნეტარებაში.
- 12
და თუ არ გაუგონებენ - მახვილით დაეცემიან და უმეცრებაში დაიხოცებიან.
- 13
13 უღმერთო გული რისხვით აღიძვრება, შველას არ ითხოვს, როდესაც ბორკავს მას.
- 14
ახალგაზრდობაშივე კვდებიან და მათი სიცოცხლე თავდება საკერპოს მეძავებში.
- 15
ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით და თრგუნვისას ყურს უხსნის მათ.
- 16
შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე, სადაც არ არის წუხილი და შენი სუფრაც გაივსებოდა მსუყე საჭმელებით.
- 17
მაგრამ უკეთური განკითხვით ავსებულხარ, განსჯა ჩაგჭიდებია შენ და მართლმსაჯულება.
- 18
გაფრთხილდი, ბრაზმა მასხარად არ გაქციოს და დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგახვევინოს.
- 19
გიშველის ყვირილი გასაჭირში, ოქრო ან მთელი შენი ძალისხმევა?
- 20
ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან;
- 21
გაფრთხილდი, რომ არ მიუბრუნდე ავკაცობას, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
- 22
აჰა, ღმერთი თავისი ძლიერებითაა ამაღლებული, ვინ არის მისი მსგავსი მასწავლებელი?
- 23
ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს: დანაშაული ჩაიდინეო?
- 24
გახსოვდეს, რომ შენ უნდა ადიდო მისი საქმე, რომელსაც ხალხი უგალობს.
- 25
ყველა ადამიანს უნახავს მისი საქმე და შორიდანვე ამჩნევს მას კაცი.
- 26
აჰა, ამაღლებულია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, ვინ გამოიკვლევს მის წელთა რიცხვს.
- 27
შეკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ნისლად ასხურებს მათ,
- 28
ღვრიან მათ ღრუბლები და უხვად ესხურება ადამიანს.
- 29
თუ ხვდება ვინმე ღრუბლების გაშლას, ქუხილს - მისი კარვიდან?
- 30
რადგან ამით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს.
- 31
რადგან ამით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს.
- 32
ხელისგულებს ელვით ივსებს და უბრძანებს, ვინ განგმიროს.
- 33
ქუხილი გვაუწყებს მასზე და ჯოგი - გრიგალის ამოვარდნას.