იობი 1
- 1
იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
- 2
შვიდი ძე და სამი ასული შეეძინა მას.
- 3
საქონელი ჰყავდა: შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ხრდალი ვირი და ფრიად მრავალი მსახური; აღმოსავლეთის ყველა ძეზე მეტად იყო განდიდებული ეს კაცი.
- 4
მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
- 5
ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.
- 6
და მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად და სატანაც მივიდა მათ შორის.
- 7
ჰკითხა უფალმა სატანას: "საიდან მოხვედი?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
- 8
უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მასავით უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი დედამიწაზე”.
- 9
მიუგო სატანამ უფალს: "განა ამაოდაა იობი ღვთისმოშიში?
- 10
განა შენ არ აღმართე ზღუდე მისი სახლისა და მთელი საბადებლის გარშემო? შენგან ეკურთხა ნახელავი მისი და დიდად გამრავლდა ჯოგები მისი ქვეყანაზე.
- 11
აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე ყოველივეს, რაც გააჩნია, თუ მაშინვე პირში არ დაგიწყოს გმობა!”
- 12
უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, ყოველივე, რაც გააჩნია, შენს ძალაუფლებაშია, ოღონდ თავად მასზე ნუ აღმართავ ხელს!” და გასცილდა სატანა უფლის სახეს.
- 13
ერთ დღეს მისი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
- 14
მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: "ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,
- 15
შებაელნი დაესხნენ თავს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 16
ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა მეორე და თქვა: "ღვთის ცეცხლი დაეშვა ზეციდან, ცხვარი და მსახურები გადაბუგა და შთანთქა ისინი; მეღა გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 17
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა კიდევ მოვიდა სხვა და თქვა: "სამ მწკრივად დაეწყვნენ ქალდეველნი, აქლემებს დაესხნენ თავს და გაირეკეს, მსახურნი კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 18
ამას რომ ამბობდა, მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: "შენი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
- 19
აჰა, ძლიერმა ქარიშხალმა დაბერა უდაბნოდან, წარხოცა სახლის ოთხივე კუთხე, ნანგრევები ზედ დაემხოთ ჭაბუკებს და მოკვდნენ; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 20
ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწას დაემხო და თაყვანი სცა.
- 21
თქვა: "შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”
- 22
ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.