2 ნეშტთა 17
- 1
მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.
- 2
ჯარი ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, გუშაგები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის იმ ქალაქებში, რომლებიც მამამისმა ასამ დაიპყრო.
- 3
უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალებს არ ეძებდა.
- 4
მამამისის ღმერთს ეძიებდა, მის მცნებებს მიჰყვებოდა და ისრაელის მსგავსად არ იქცეოდა.
- 5
განამტკიცა უფალმა სამეფო მის ხელში და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს; უხვად ჰქონდა სიმდიდრე და არც პატივი აკლდა.
- 6
უფლის გზების ერთგული იყო და იუდაშიც კი მოშალა მაღლობები და აშერის კერპები.
- 7
გამეფებიდან მესამე წელს წარგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაიაჰუ, რომ ესწავლებინათ იუდას ქალაქებში.
- 8
თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია და ტობადონია. მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი,
- 9
ასწავლიდნენ იუდაში, თან უფლის რჯულის წიგნი ჰქონდათ. შემოიარეს იუდას ყველა ქალაქი და ასწავლიდნენ ხალხს.
- 10
უფლის შიშმა მოიცვა ყველა ის სამეფო იუდას ირგვლივ რომ იყო; და არ ებრძოდნენ იოშაფატს.
- 11
ფილისტიმელთაგან ზოგს ძღვენი მოჰქონდა იოშაფატთან და ზოგს ვერცხლი ხარკად; ასევე არაბებმაც მოუყვანეს მას წვრილფეხა საქონელი: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.
- 12
თანდათან აღზევდა და გაძლიერდა იოშაფატი და ააშენა იუდაში ციხე-სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
- 13
დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი, მამაცი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში.
- 14
ეს არის მათი რიცხვი, მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: მთავარი ყადნა და მასთან სამასი ათასი მამაცი მეომარი;
- 15
მის მერე იყო მთავარი იეჰოხანანი და მასთან ორას ოთხმოცი ათასი;
- 16
მის მერე იყო ამაცია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს და მასთან ორასი ათასი მამაცი მეომარი.
- 17
ბენიამინისგან: მამაცი მეომარი ელიადაყი და მასთან ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული მებრძოლი;
- 18
მის მერე იყო - იეჰოზაბადი და მასთან ას ოთხმოცი ათასი საბრძოლოდ შეიარაღებული მეომარი.
- 19
ესენი ემსახურებოდნენ მეფეს, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა.